ნესტა: “მეგონა, “მილანში” ათი წელი მშვიდად ვიქნებოდი, მაგრამ კლუბმა სტამი იყიდა”
ლეგენდარულმა იტალიელმა მცველებმა ფაბიო კანავარომ და ალესანდრო ნესტამ სოციალურ ქსელ Instagram-ის პირდაპირ ეთერში ერთმანეთთან ისაუბრეს.
ნესტამ გაიხსენა მომენტი, როდესაც ის მიხვდა, რომ ფეხბურთელი კლუბზე დიდი ვერასოდეს იქნებოდა.
“მას შემდეგ, რაც “მილანთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა პირველად მოვიგე, ვიფიქრე, რომ შემეძლო ათი წელი გუნდში მშვიდად ვყოფილიყავი. მომდევნო ზაფხულში კლუბმა იაპ სტამი შეიძინა. მაშინვე მივხვდი – ფეხბურთელი კლუბზე დიდი ვერასოდეს იქნება”, – თქვა ნესტამ.
“ფროსინონეს” მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ატარებს დროს თვითიზოლაციაში.
“სოციალურ ქსელებს ხშირად არ ვიყენებ. ფერენტინოში, სახლში ვარ გამოკეტილი. გარეთ ძალიან იშვიათად გავდივარ, მხოლოდ პროდუქტის შესაძენად მიწევს გასვლა. “ზუმის” საშუალებით, ვარჯიშებს ვატარებ. ასევე, ვუყურებ ბევრ სერიალს. ფლეისთეიშენის თამაში შევწყვიტე, რადგან ჩემმა ცოლმა ის წამართვა”, – განაცხადა 44 წლის ნესტამ.