ჰოვარდ უებმა კარიერაში დაშვებული ყველაზე დიდი შეცდომა დაასახელა
ყოფილმა ინგლისელმა მსაჯმა ჰოვარდ უებმა კარიერის განმავლობაში დაშვებული ყველაზე დიდი შეცდომა დაასახელა.
“ერთ ეპიზოდს გამოვყოფ. უკვე მატჩის მიმდინარეობისას მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი. ეს მოხდა პრემიერლიგის ეგიდით 2009 წელს გამართულ შეხვედრაში – “მანჩესტერ იუნაიტედი” “ტოტენჰემ ჰოთსპურს” მასპინძლობდა. ჩემი პოზიციიდან დავინახე, რომ მაიკლ კერიკი ბურთზე პირველი იყო და მას ფეხებში მეკარე ჩაუხტა. თითქოს ყველაფერი აშკარა იყო.
ასეთ მომენტებში წესის დამრღვევი კამათს იწყებს ხოლმე, თუმცა ეურელიო გომესის (მეკარე) სახეზე სრული გაკვირვება ამოვიკითხე. რამდენიმე წამში მივხვდი, რომ შევცდი. პირვანდელი გადაწყვეტილება არ შევცვალე, ვინაიდან აშკარა მტკიცებულება არ მქონდა, მხოლოდ შინაგანად ვგრძნობდი, რომ შეცდომა დავუშვი. იმედი მქონდა, რომ კრიშტიანუ რონალდუ პენალტს ვერ გაიტანდა, მაგრამ ასე არ მოხდა”, – ციტირებს ჰოვარდ უების სიტყვებს The Athletic-ი.