“ატალანტას” 19 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა
ბერგამოს “ატალანტას” 19 წლის ნახევარმცველი ანდრეა რინალდი, რომელიც იჯარის წესით სერია D-ს ბინადარ “ლენიანოში” გამოდიოდა, თავის ტვინის ანევრიზმის განვითარების შედეგად ამ დილით გარდაიცვალა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავი შეუძლოდ პარასკევს იგრძნო. ის საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსთა ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
“ოქროს ბიჭი, სამაგალითო როგორც ცხოვრებაში, ასევე მოედანზე”, – ასე აღწერს საფეხბურთო კლუბი “ლენიანო” რინალდის.
“როდესაც ანდრეა სავარჯიშოდ მოდიოდა, მაშინვე ჩემთან მოემართებოდა მისასალმებლად. ამას სამუდამოდ ჩავიბეჭდავ გულში. არაჩვეულებრივი ბიჭი, ყველასათვის მისაბაძი პიროვნება იყო. კლუბის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვიზიარებ ოჯახის ტრაგედიას. დარწმუნებული ვარ, რომ ანდრეა ზევითაც ჩვენი მეომარი იქნება და იქიდან იბრძოლებს მოედნის შუაგულში “ლენიანოს” ფანების გასახარებლად”, – ამბობს კლუბის პრეზიდენტი ჯოვანი მუნაფო.
ანდრეა რინალდი ამ სეზონში “ლენიანოს” ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. მან მიმდინარე გათამაშებაში 23 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.