ანრი ფაბრეგასზე პირველი შეხვედრისას: “ეს ვინ ოხერია?”
ლონდონის “არსენალის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ სესკ ფაბრეგასთან პირველი შეხვედრა გაიხსენა. ესპანელი ნახევარმცველი “მეთოფეთა” რიგებში 2003 წელს გადავიდა, როდესაც ის მხოლოდ 16 წლის იყო.
“მახსოვს მასთან პირველი ვარჯიში. მაშინ საკმაოდ ცუდი ვარცხნილობა მქონდა, თუმცა ფაბრეგასის ვარცხნილობა კიდევ უფრო უარესი იყო. დიდი ზომის ფორმებით გვიწევდა ვარჯიში, ყველას დიდი გვქონდა, მაგრამ სესკს კაბასავით ეცვა.
მივედი ვენგერთან და ვკითხე: “ეს ვინ ოხერია?” არსენმა მიპასუხა, რომ ამ ბიჭმა 17 წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, თუმცა ჩემთვის ეს საკმარისი არ იყო და დავინტერესდი, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი, ბომბარდირი ან რამე მსგავსი ხომ არ გახდა.
ვარჯიშზე ის პარტიკ ვიეირასა და ჟილბერტო სილვას მოწინააღმდეგე გუნდში მოხვდა და მივხვდი, რომ განწირული იყო, გულში კი წარმატება ვუსურვე, თუმცა… დაიჭირა ბურთი და წაიღო. პატრიკმა და ჟილბერტომ ვერაფერი მოუხერხეს და მივხვდით, რომ ჩვენთან ერთად სათამაშოდ მზად იყო. შემდეგ ინგლისის ლიგის თასის მატჩში გოლიც გაიტანა (გახდა “არსენალის” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე – ავტ).
ხალხს ავიწყდება ეს ყველაფერი. ახლა ყველა კევინ დე ბრეინესა და დავიდ სილვას შესახებ ლაპარაკობს. მე მათ პატივს ვცემ, მაგრამ ვფიქრობ, რომ სესკი მათი დონის არის. მე ყოველთვის მომწონდა გონიერი მოთამაშეები და ფაბრეგასი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელია, ვისთან ერთადაც მითამაშია”, – ციტირებს ანრის სიტყვებს “მირორი”.