“ჯანო ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იქნებოდა”
მოსკოვის “სპარტაკის” ყოფილმა ფეხბურთელმა, არაზ ოზბილიზმა ექს-თანაგუნდელ ჯანო ანანიძეზე ისაუბრა. 30 წლის გარემარბი ამბობს, რომ ანანიძეს შეეძლო ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ყოფილიყო.
“ისეთი სტილისა და დონის ფეხბურთელს, როგორიც ჯანოა, სჭირდება განსაკუთრებული პირობები, რათა პოტენციალი სრულად გამოავლინოს. “ბარსელონა” მისი სტილისა და ფილოსოფიის გუნდია, ჯანო რომ იქ თამაშობდეს, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იქნებოდა. მისი ტექნიკის მქონე ფეხბურთელს, შეუძლია უფრო მაღალ დონეზე ითამაშოს. თუმცა, როცა თამაშობ ისეთ გუნდში, რომელსაც ბურთი იშვიათად აქვს, უმეტესად დაცვაშია და ძალისხმიერად თამაშობს, რთულია შენი პოტენციალი გამოავლინო”, – ციტირებს ოზბილიზის სიტყვებს Sport24.
ოზბილიზი ამსტერდამის “აიაქსის” აღზრდილია. მას მოსკოვის “სპარტაკში”, “ბეშიქთაშში” და ტირასპოლის “შერიფში” უთამაშია. 2019 წელს ის “პიუნიკის” წევრი გახდა. ოზბილიზმა 2011 წელს სომხეთის მოქალაქეობა მიიღო, 2012 წლიდან კი სწორედ სომხეთის ნაკრების ღირსებას იცავს.