ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე: “მე და ჩემი შვილი ლამის სიცოცხლეს გამოვესალმეთ”
ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ განაცხადა, რომ მოძალადე მხოლოდ მისი ყოფილი ქმარი არ არის და ის ჩოგბურთელის ოჯახის წევრებსაც ადანაშაულებს.
როგორც იცით, სასამართლომ ბასილაშვილს 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. დოროყაშვილი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
“გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას. მარტო ჩემი ყოფილი ქმარი არ იყო მოძალადე, ეს მთელი ოჯახის ამბავია. ყველაზე მეტად რაც მაღელვებს, ეს ყველაფერი ჩემი შვილის თანდასწრებით მოხდა. ძლივს გადავარჩინე ჩემი შვილის სიცოცხლე. აღმენიშნება დაზიანებები. ექსპერტიზა ჩატარდა, კიდევ მიმდინარეობს ექსპერტიზა და დაგეგმილია ფსიქოლოგიური ექსპერტიზაც. ძალადობას ჰქონდა პერმანენტული ხასიათი, უბრალოდ მეგონა, რომ დაშორების შემდეგ…
ვუფრთხილდებოდი ოჯახს, საქართველოა, ყველას კარგად გვესმის. ვუფრთხილდებოდი ოჯახის ღირსებას, შვილს, სტატუსს, ამიტომ არაფერს არ ვამბობდი და მეგონა, ძალადობა დასრულდებოდა დაშორების შემდეგ. ლამის სიცოცხლეს გამოვესალმეთ მე და ჩემი შვილი, ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით. მე ვიღაცამ გადამარჩინა, არც მახსოვს იმ ავტომობილის სანომრე ნიშნები, უბრალოდ მიმავალ მანქანას ჩავუჯექით. შემდეგ გამოვიძახე პატრული და წამიყვანეს განყოფილებაში.
მე რაც დავინახე იმ მომენტში, გამოიქცა, არც ვიცი, რატომ გამოიქცა საერთოდ. ეჭირა რაღაც, რასაც დიდი ტარი ჰქონდა, ქვემოთ კი არ ჩანდა რა იყო. ბავშვსაც არ ახსოვს წესიერად, რა იყო. ეს არ იყო თოფი და იარაღი, იყო დიდი ჯოხი, დიდი ტარი ჰქონდა”, – აცხადებს ნეკა დოროყაშვილი “ქრონიკასთან” საუბარში.
დოროყაშვილი ხვალ პრესკონფერენციის გამართვას აპირებს. ის ამბობს, რომ მას ძალადობის ამსახველი ვიდეომტკიცებულებები გააჩნია.