ზლატანმა სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა, შედეგი ცნობილია
“მილანის” პრესსამსახურმა გუნდის ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩის სამედიცინო შემოწმების შედეგი გამოაქვეყნა.
იტალიური პრესა წერდა, რომ ტრავმას შესაძლოა შვედის კარიერა დაესრულებინა კიდეც, თუმცა, როგორც ჩანს, 38 წლის ფეხბურთელი საკმაოდ სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა. იბრაჰიმოვიჩს აქილევსის მყესი არ დაშავებია, მას ტრავმა მარჯვენა ფეხის ქუსლის კუნთზე აქვს. სხვა დეტალები არ ვრცელდება.
დამატებითი გამოკვლევა ათ დღეში ჩატარდება. იბრაჰიმოვიჩის გამოჯანმრთელების კონკრეტული თარიღი არ სახელდება, თუმცა იტალიური მედია იუწყება, რომ შვედ ფეხბურთელს დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ტრავმა გუშინდელ ვარჯიშზე მიიღო. საწვრთნელ პროცესში თანაგუნდელებთან გამართული მატჩის მიწურულს ვეტერანმა ფეხბურთელმა სწრაფი გარბენი გადაწყვიტა, თუმცა ფეხში ტკივილი იგრძნო და გაჩერდა, რის შემდეგაც მოედნის დატოვება მოუწია.
როგორც მოგეხსენებათ, “მილანმა” ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიმდინარე წლის იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. ფეხბურთელმა ამ სეზონში “როსონერის” ფორმით ათი მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.