რობენმა საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა: “მისი წყალობით სრულყოფილ ფეხბურთელად ვიქეცი”
მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა ფეხბურთელმა არიენ რობენმა საუკეთესო მწვრთნელად “მანჩესტერ სიტის” მოქმედი თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა დაასახელა.
“გვარდიოლას დიდი თაყვანისმცემელი ვარ. შემტევი ფეხბურთი მიყვარს და პეპი ასეთი თამაშის ოსტატია. ის აქცენტს შეტევაზე და ბურთის კონტროლზე აკეთებს. ყოველ ვარჯიშზე ვმუშაობდით ბურთთის ფლობაზე და ეს მომწონდა. ჩვენ ერთ ტალღაზე ვიყავით.
საწყენია, რომ მისი თავკაცობით ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვიგეთ. ტრავმების, დისკვალიფიკაციებისა თუ მსაჯთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო ტურნირს ყოველ ჯერზე ნახევარფინალური ეტაპიდან ვეთიშებოდით.
როდესაც გვარდიოლა “ბაიერნში” მოვიდა, მე უკვე 30 წლის ვიყავი. ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ამ ასაკის შემდეგ კიდევ განვვითარდებოდი. თამაშის უკეთ წაკითხვა ვისწავლე. უკეთ ვმოქმედებდი მეტოქის საჯარიმო მოედანზეც: ვხვდებოდი, როდის ჯობდა დარტყმა და როდის ჯობდა ჩაწოდება. გვარდიოლას წყალობით სრულყოფილ ფეხბურთელად ვიქეცი. ჩემთვის პეპი საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში. “ბაიერნში” მასთან ერთად გატარებულმა სამმა წელმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა”, – რობენის სიტყვები გერმანულმა გამოცემა Socrates-მა გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელი “ბაიერნში” უშუალოდ ხოსეპ გვარდიოლას თავკაცობით 2013-დან 2016 წლამდე თამაშობდა.