დიდიე დეშამმა პრემიერ ლიგა და ლა ლიგა გააკრიტიკა
საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამი, 2019-20 წლების სეზონის შეწყვეტის გადაწყვეტილებას უჭერს მხარს. მისი თქმით, ეს ერთადერთი რაციონალური გამოსავალია შექმნილი ვითარებიდან.
“ნამდვილად არ მინდა ვინმე განვსაჯო, რამე დავაბრალო ან დავიცვა. მდგომარეობა ყველგან ინდივიდუალურია.
გერმანიაში ფეხბურთის განახლების შემდეგ ბუნდესლიგას აქტიურად ვადევნებ თვალს. რა თქმა უნდა, ფეხბურთის ხილვა სასიამოვნოა, თუმცა გარკვეულ უცნაურ სურათებსაც ვიღებთ.
სათადარიგო ფეხბურთელები ნიღბებით, დისტანცირებულად, სხედან. თუმცა მატჩის მიმდინარეობისას ერთმანეთთან ახლო კონტაქტში არიან, ერთ გასახდელს იყოფენ. არ მესმის, რატომ ხდება ასე.
ნახეთ რა გადაწყვეტილება მიიღეს ესპანეთსა და ინგლისში. ეს ორი წამყვანი ქვეყანა სეზონის განახლებას გეგმავს. თუმცა პრემიერ ლიგამ უარი თქვა ქალთა ჩემპიონატის განახლებაზე, რისი მიზეზიც ნაკლები შემოსავალია. მათი პრიორიტეტი მხოლოდ ფულია,” – აცხადებს დეშამი.