“ჩემმა ყოფილმა თანაგუნდელებმა იციან, რომ ეს პერიოდი ადვილი არ ყოფილა” – რონალდინიოს ინტერვიუ შინაპატიმრობიდან
პარაგვაის ერთ-ერთ სასტუმროში მყოფი ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო ესპანურ გამოცემა “მუნდო დეპორტივოს” სხვადასხვა საკითხებზე ესაუბრა.
როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ რონალდინიო და მისი ძმა პარაგვაის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. 8 აპრილს ისინი ციხიდან გაათავისუფლეს. ახლა რონალდინიო შინაპატიმრობაში, სასტუმროში იმყოფება და მას ამ დაწესებულების დატოვების უფლება ჯერ არ აქვს.
“ბარსელონასა” და ყოფილი თანაგუნდელების მხარდაჭერა:
“ბარსელონა” ჩემ მიმართ ყოველთვის ყურადღებასა და პატივისცემას იჩენდა. ყოფილი თანაგუნდელები – პუიოლი და რონალდო კარგად მიცნობენ და მათ იციან, რომ ჩემთვის ეს პერიოდი ადვილი არ ყოფილა. მათი სიტყვები ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ისინი მხარს მიჭერდნენ, რომ ციხე რაც შეიძლება მალე დამეტოვებინა.”
მისი მდგომარეობა სასტუმროში:
“სატუმროში კარგად მეპყრობიან. თავს მშვიდად ვგრძნობთ. სპორტით ვართ დაკავებულები, დარბაზი გვაქვს. აქ ყოფნის დროს მიღებული გამოცდილება ცხოვრებაში გამომადგება. მოწყენილი მხოლოდ მაშინ ვარ, როცა ხალხს ვერ ვახარებ.”
პანდემია და ფეხბურთის დაბრუნება:
“ახლა პანდემიაა და ფეხბურთის დაბრუნებაზეც ვფიქრობთ. დიდი ხანია მატჩები არ გამართულა, სტადიონები ცარიელია, ფეხბურთელები კი იმ ენერგიას ვერ მიიღებენ, რასაც მათ ფანები აძლევენ ხოლმე… ამ ახალ რეალობას უნდა შევეგუოთ.”