თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის მარტის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ჩემპიონატი სწორედ მარტში, კორონავირუსის გამო შეწყდა და დღეს განახლდება. თვის საუკეთესო მოთამაშეც ახლა დაასახელეს და პრიზიც ოფიციალურად გადასცეს.
მარტში რეგულარული ჩემპიონატის ორი ტური მოესწრო, 22-ე და 23-ე. თორნიკე შენგელია საშუალოდ 30.5 სარგებლიანობის კოეფიციენტს აგროვებდა. მან ერიკ გრინი (30) და ასკია ბუკერი (25.5) ჩამოიტოვა.
შენგელია ზედიზედ გახდა თვის საუკეთესო კალათბურთელი – თებერვალშიც მან ყველას აჯობა, როცა ერთ-ერთ მატჩში ფუენლაბრადას წინააღმდეგ მარგი ქმედების საოცარი კოეფიციენტი აჩვენა – 44. მან იმ მატჩში ბასკონიას 32 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.
თოკოს ესპანეთის ჩემპიონატში უკვე ოთხჯერ აქვს მოპოვებული თვის MVP-ის წოდება.
რას შეეხება მის შესაძლო ტრანსფერს ცსკა-ში, შენგელიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და რუსულ კლუბთან ხელშეკრულების გაფორმება უარყო.
თორნიკე შენგელია (ბასკონია): “ცსკა-ს შესახებ ვერაფერს ვიტყვი. ამჟამად ბასკონიასთან კიდევ ორი წლით მაკავშირებს ხელშეკრულება. ახლა მთლიანად გუნდის წარმატებაზე და ამ ტურნირზე ვარ კონცენტრირებული და სხვა არაფერზე ვფიქრობ.
ფინალურ ტურნირს პოზიტიური განწყობით ვხვდებით. ვიცით, რომ მძიმე სიტუაციაში ვართ, როგორც მთლიანად საკალათბურთო სამყარო, ისე მთელი მსოფლიო. ახლა უნდა შევეგუოთ რეკომენდაციებს და მათი დაცვით გავაგრძელოთ ცხოვრება. ყოველდღიურად ვემზადებოდით ტურნირის განახლებისთვის და ეს დღეც დადგა.
ჯგუფში ექვსივე გუნდი თანაბარი დონისაა და ჩვენ ბრძოლისთვის მზად ვართ. ვფიქრობ, საკმარისად მოვემზადეთ იმისთვის, რომ შეტევაში კარგად წარმოვაჩინოთ თავი”.
GBF.GE