გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს
“ქრონიკის” ინფორმაციით, გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პოლიციამ 17 ადამიანი დააკავა. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს შსს-ში განცხადება გაკეთდება.
როგორც ცნობილია, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებმა მცხეთის განყოფილებიდან უკვე გლდანის პოლიციის სამმართველოში გადაინაცვლა. გუშინ განყოფილებში იმყოფებოდნენ საქმის მთავარი ფიგურანტები. პოლიციაში იყო დაბარებული ოქროს მოწმე, გური ამირხანაშვილი, რომელსაც ის მორაგბეები უნდა ამოეცნო, რომლებიც ინციდენტში მონაწილეობდნენ.
“მიმდინარეობს მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. ჩატარდა ამოცნობა, შესაბამისად, ბატონი გური მობრძანდა და ამოიცნო პიროვნება, რომელიც „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში იჯდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვადასტურებთ, რომ ეს პიროვნება ჩვენს მანქანაში იჯდა და კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა“, – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილი “საბურთალოს” აკადემიის წევრი იყო. მისი ცხედარი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. გიორგი გუშინ დაკრძალეს.