ავთანდილ ხურციძე: “ციხეში დანა შვიდჯერ დამარტყეს, ხალხი გაგიჟებულია”
პატიმრობაში მყოფი ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე ნიუ იორკის ციხეში მის მდგომარეობაზე საუბრობს. სოციალურ ქსელში, 41 წლის სპორტსმენის ოფიციალურ გვერდზე მისი აუდიო ჩანაწერი გამოქვეყნდა.
“რაზეც მდებენ ბრალს, ის გაკეთებული რომც მქონდეს, ამ ციხეში არ უნდა ვიყო. აქ არიან გამოუსწორებელი პატიმრები. აქ დანით დამჭრეს, შვიდჯერ დამარტყეს დანა, რის გამოც ხუთწლიანი პატიმრობა დამიმატეს. ხალხი გაგიჟებულია. თავზე შრამები მემჩნევა, თავი გადახოტრილი მაქვს და ისე დავდივარ. ათი ნაკერი დამადეს. სპეციალურად გადავიხოტრე, რომ მტკიცებულება ყოფილიყო, რათა ეს ყველაფერი ენახათ.
მარცხენა მკლავში დარტყმული დანა, მკერდში დარტყმული დანა. განწირული ვიყავი, მაგრამ ვივაჟკაცე და თავი გადავირჩინე. ამბობენ, კამერაში რაც ხდება, იმას ვერ ვაკონტროლებთო, მაგრამ ეს ყველაფერი გარეთ ხდებოდა. ეს ქეისი მოვიგე. სასამართლო პროცესზე უნდა წავრსდგე, რათა ეს ხუთი წელი მომეხსნას.
საქართველოს მთავრობა ჩემ საწინააღმდეგოდ მუშაობს, მათ ჩემთვის არაფერი გაუკეთებიათ. მკითხეს, რა გინდაო. მე ვუთხარი: “რა შეგიძლიათ?” მითხრეს, რომ წიგნების შემოგზავნა შეეძლოთ. ლოცვის წიგნი და ხატები შემომიგზავნეთ მეთქი და ისიც არ შემომიგზავნეს.
შეგახსენებთ, რომ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს აშშ-ში ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს. საბრალდებო მასალების მიხედვით, ქართველი მოკრივე რუსული მაფიის ბოსის – რაჟდენ შულაიას “კუნთი” იყო. შულაიას დაჯგუფებას ბრალი რეკეტში, არალეგალურ აზარტულ თამაშებში, ფულის გამოძალვაში, თაღლითობაში და ფინანსურ მაქინაციებში ედებოდა. ხურციძეს ნიუ იორკის სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.