ჯერარდი კლოპისთვის ძეგლის დადგმას მოითხოვს, იურგენი წინააღმდეგია
“ლივერპულის” ყოფილი კაპიტანი სტივენ ჯერარდი კლუბის მესვეურებს მოუწოდებს, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს ძეგლი დაუდგან. შეგახსენებთ, რომ “ენფილდროუდელები” 30-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის ჩემპიონები გახდნენ.
“უნდა გავითვალისწინოთ, რომ “ლივერპული” ახლოსაც არ იყო ქვეყნის საუკეთესო კლუბის სტატუსთან, გუნდი ზედა ოთხეულშიც კი ვერ ხვდებოდა მანამ, სანამ კლოპი მოვიდოდა. მოვიდა “ლივერპულში” და გააკეთა ის, რაც გააკეთა. გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მეექვსედ მოიგო და 30-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის ჩემპიონიც გახდა.
იურგენი დღესვე იმსახურებს ჯილდოს. ფეხბურთში ძირითადად ადამიანების დაბერებას უცდიან, რათა მთლიანობაში შეაფასონ მისი მოღვაწეობა, თუმცა ვიცი, რომ “ლივერპულის” ხელმძღვანელობა ამას არ დაუშვებს. “ლივერპულის” გაჩემპიონების მომენტიდანვე უნდა დაწყებულიყო კლოპის ძეგლის დასადგმელად მუშაობა”, – ციტირებს ჯერარდის სიტყვებს The Athletic-ი.
თავად იურგენ კლოპი ძეგლის დადგმის წინააღმდეგია.
“კიდევ მინდა 30-40 წელი სიცოცხლე, ამიტომ ძეგლი არ მაინტერესებს. ლეგენდარულ ხალხს არ უნდა შემადაროთ. ბილ შენკლიმ “ლივერპული” შეცვალა, ბობ პეისლიმ ყველაფერი მოიგო, კენი დალგლიში მოთამაშე-მწვრთნელი იყო. ასე რომ, შედარებების კეთება უადგილოა”, – ჯერარდის შემოთავაზებაზე კლოპის პასუხი “დეილი მეილმა” გამოაქვეყნა.