საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში პოლიციამ 17 ადამიანი დააკავა. როგორც ცნობილია, დაკავებულთა შორისაა ძიუდოისტი, ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილი.
რამდენიმე ტელევიზიაში გაიჟღერა ინფორმაცია, რომ ტატიაშვილი მოჭიდავეა. ამ ამბავთან დაკავშირებით საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.
“ბოლო დღეებში, მასმედიაში რამდენიმეჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებს მოჭიდავე გიგა ტატიაშვილი.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია აზუსტებს, რომ ტატიაშვილი არაა ჩვენს ფედერაციაში შემავალი არც ერთი საჭიდაო სტილის წარმომადგენელი და სთხოვს ყველას, მეტად ფრთხილები და ყურადღებიანები იყვნენ ინფორმაციის გავრცელებისას.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ 19 წლის წევრის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და ახლობლებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.