ბუფონი სასკოლო მერხს მიუჯდება
ტურინის “იუვენტუსის” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი პროფესიული კარიერის დასრულების შემდეგ სკოლაში დაბრუნებას და საშუალო განათლების მიღებას აპირებს. ცნობისთვის, ტიტულოვან კიპერს სკოლის დიპლომი არ აქვს.
“კარიერის დასრულების შემდეგ ერთწლიან შემოქმედებით შვებულებას მოვიწყობ და დროს მხოლოდ საკუთარ თავსა და ოჯახს დავუთმობ. გარდა ამისა, მინდა, რომ საშუალო სკოლა დავამთავრო, მშობლები 30 წლის განმავლობაში ამას მიჩიჩინებდნენ”, – თქვა ბუფონმა.
ბევრისთვის უცნობი ფაქტია, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა 2000 წელს საშუალო სკოლის ყალბი დიპლომი დაამზადებინა, რათა პარმის უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩარიცხულიყო. დიპლომის გაყალბებისთვის იტალიელი მეკარე ოთხწლიან პატიმრობას გადაურჩა, თუმცა ექვსი მილიონი იტალიური ლირის გადახდა მოუწია, რაც, დღევანდელი გაანგარიშებით, დაახლოებით 3 ათასი ევროს ეკვივალენტია. ბუფონი მისი ცხოვრების ამ ეპიზოდს ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ფაქტად მიიჩნევს.
შეგახსენებთ, რომ 42 წლის მეკარემ რამდენიმე დღის წინ “იუვენტუსთან” კონტრაქტი კიდევ ერთი წლის ვადით გაახანგრძლივა.