ცნობილია, როდის დააჯილდოებენ “ლივერპულს”
“ლივერპულმა” ინგლისის ჩემპიონის წოდება რამდენიმე კვირის წინ მოიპოვა, თუმცა დაჯილდოების ცერემონია უკანასკნელი საშინაო მატჩის შემდეგ შედგება. 22 ივლისს, დამდეგ ოთხშაბათს, “ენფილდროუდელები” ლონდონის “ჩელსის” უმასპინძლებენ. სწორედ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ გადასცემენ “წითლებს” კუთვნილ ტიტულს.
ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს მედლები გადაეცემათ, კაპიტანი პრემიერლიგის თასს ჩაიბარებს. ცერემონია სპეციალურ კვარცხლბეკზე შედგება, მაყურებლების გარეშე.
კორონავირუსული ინფექციის გავრცელების საშიშროების გამო ბაქანი შემოფარგლული იქნება ბანერით, რომელზეც გუნდის ქომაგები იქნებიან გამოსახულნი. დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობას “ლივერპულის” ლეგენდარული ფეხბურთელი და მწვრთნელი კენი დალგლიშიც მიიღებს. 1990 წელს სწორედ მისი თავკაცობით მოიგო ინგლისის ჩემპიონატი “ლივერპულმა” უკანასკნელად.