“ბარსელონას” ლაუტაროსთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა
მილანის “ინტერის” ფორვარდ ლაუტარო მარტინესს კარიერის გაგრძელების ახალი ვარიანტი, “ბარსელონას” კი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.
“სქაი სპორტსი” წერს, რომ არგენტინელი თავდამსხმელით “მანჩესტერ სიტი” დაინტერესდა.
წყაროს თანახმად, “ქალაქელები” ლაუტარო მარტინესს გრძელვადიან პერსპექტივაში სერხიო აგუეროს შემცვლელად მოიაზრებენ. გარდა ამისა, ინგლისელებს “ბარსელონასგან” განსხვავებით ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხის სრულად დაფარვა შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ ლაუტარო მარტინესი “ინტერში” არგეტინული “რასინგიდან” 2018 წელს გადავიდა. მაშინ ტრანსფერის ღირებულებამ 25 მილიონი ევრო შეადგინა. მას შემდეგ ლაუტარომ “ინტერის” რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 66 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა.
“ინტერსა” და ლაუტარო მარტინესს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის ივნისის ჩათვლით აქვს. კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 111 მილიონ ევროს შეადგენს.