ნეიმარსა და “პსჟ”-ს შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკება დაიწყო
RMC Sport-ის ცნობით, “პარი სენ-ჟერმენსა” და ნეიმარს შორის შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკება დაიწყო.
ერთი წლის წინ ბრაზილიელ ფეხბურთელს საფრანგეთიდან აბარგება სურდა და გუნდის გამოსაცვლელად მზად იყო, თანხა საკუთარი ჯიბიდანაც კი გაეღო, თუმცა მას შემდეგ კლუბისადმი დამოკიდებულება შეეცვალა და არაერთხელ თქვა, რომ პარიზში ბედნიერია.
წყაროს თანახმად, ნეიმარი მოწადინებულია, რომ “პარი სენ-ჟერმენთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგოს და მზად არის კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმოს. ცნობისთვის, მოქმედ ხელშეკრულებას ვადა ორ წელიწადში გასდის.
ნეიმართან მოლაპარაკების პროცესი ნელ ტემპში მიმდინარეობს, თუმცა “პსჟ”-ის ხელმძღვანელები იმედიანად არიან განწყობილნი. იგივეს ვერ ვიტყვით კილიან მბაპეს სიტუაციაზე. ფრანგი ფორვარდი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჯერჯერობით უარს ამბობს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი “პარი სენ-ჟერმენში” 2017 წლიდან თამაშობს. მან ამ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 22 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა.
მოქმედი კონტრაქტის თანახმად, ნეიმარი პარიზში წლიურად 36,8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. არაოფიციალური ინფორმაციით, ბრაზილიელი თავდამსხმელი ლიონელ მესის შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.