რომან დოლიძე: მე საქართველოდან ვარ, არ მომწონს, როცა ვიღაც ქათამივით იქცევა!
რომან დოლიძემ UFC-ში დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა. ქართველმა მებრძოლმა რუსეთის წარმომადგენელი, დაღესტნელი ხადის იბრაგიმოვი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
ბრძოლის შემდეგ, პრესკონფერენციაზე დოლიძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ქართველმა სპორტსმენმა აწონვების შემდეგ, პირისპირ დადგომის დროს იბრაგიმოვის საქციელზე კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა.
“დიახ, მე ვფიქრობ, რომ ეს უპატივცემულობაა. ვხედავთ, რომ ბევრი ქათამივით იქცევა და მე ეს არ მომწონს. მე საქართველოდან ვარ, ქვეყნიდან, რომელიც დაღესტანთან ძალიან ახლოსაა და ჩვენ ასე არ ვიქცევით. ვაკეთოთ ჩვენი საქმე, მეტი არაფერი.
გამიკვირდა მისი საქციელი, რადგან ჩვენ ერთიდაიგივე არეალიდან ვართ. ის დაღესტნიდანაა, მე – საქართველოდან, ჩვენ ერთი მთა გვაქვს. ასეთი რამ ოქტაგონზე მეტ მოტივაციას მაძლევს. ცხოვრებაში განსხვავებული პიროვნება ვარ”, – განაცხადა დოლიძემ.