ფანებს ბეილი სძულთ, მწვრთნელი მას არ ენდობა – რატომ რჩება?
საფეხბურთო სამყაროში მსგავსი შემთხვევა არც თუ ისე ხშირია. გარეტ ბეილი ესპანეთის დედაქალაქში არაერთხელ დააყენეს მტკივნეული რეალობის წინაშე – ფანებს ის უკვე შესძულდათ, მწვრთნელი კი ნდობას არ უცხადებს.
იბადება კითხვა, თუ რატომ რჩება უელსელი ფეხბურთელი, რომელიც ერთ დროს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობაზე აცხადებდა პრეტენზიას, “რეალის” სათადარიგოთა სკამზე? პასუხის ძიება დიდ დროს არ წაგვართმევს – ბეილმა არჩევანი ფულის კეთებაზე გააკეთა, თუნდაც ამის გამო უთავმოყვარეო ადამიანის იარლიყი მიაკრან.
გარეთ ბეილის რეგრესის ყველაზე თვალსაჩინოდ საჩვენებლად Transfermarkt-მა მარტივი დიაგრამა შემოგვთავაზა, სადაც ჩანს, თუ როგორ იკლებს უელსელი ვარსკვლავის ღირებულება სატრანსფერო ბაზარზე.
— Drafts 3.7 (@3Drafts) July 27, 2020
გარეტ ბეილი, რომელიც 2010 წლიდან 2017 წლამდე პროგრესირებდა, ახლა კი არაფრით განსხვავდება კარიერა დასრულებული ფეხბურთელებისგან – თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ისინი კლუბისგან დღეში 40 ათას ევროს არ იღებენ. უელსელი არც ირონიულობის დამალვას ცდილობს, რაც ბოლო მატჩებში არაერთხელ დამტკიცდა.
რატომ შეიძულეს ფანებმა ბეილი?
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თავად ბეილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ასეთი შედეგი მიეღო. მას საერთოდ არ ეტყობა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის ბანაკში ყოფნით ბედნიერია.
ამდენი წლის მანძილზე ბეილმა ენაც ვერ შეისწავლა – გასაგებია, შესაძლოა, რთული ენაა. გუნდში არავისთან მეგობრობს – არაუშავს, მთავარია კარგად თამაშობდეს. ტრავმიანობა? ყველას მოსდის მსგავსი რამ. გოლფისადმი სიყვარული – ჩავთვალოთ, როგორც ჰობი. ნაკრებს კლუბზე წინ აყენებს – ეს, შესაძლოა, ზედმეტ პატრიოტიზმს დავაბრალოთ.
თუმცა, 2019/20 წლების სეზონში მან წითელი ხაზები გადაკვეთის რეკორდიც მოხსნა:
1. ბეილის საყვარელი ქმედება სტადიონიდან გაპაარვა გახდა. ტრავმირებული ფეხბურთელები ვალდებულნი არიან “ბერნაბეუზე” გუნდის მატჩებს დაესწრონ, თუმცა კონტრაქტში გაწერილია, რომ მათ 80 წუთის შემდეგ წასვლა შეუძლიათ. ბეილს ამ პუნქტის გამოყენებაზე უარი ერთხელაც არ უთქვამს. მართალია, ამით მას წესები არ დაურღვევია, თუმცა აშკარად დემონსტრირებდა, რომ არ აინტერესებდა, თუ როგორ დასრულდებოდა მატჩი. ის ყოველ ჯერზე საკმაოდ მშვიდად ტოვებდა მოედანს. ყოველივე ეს “ბლანკოსის” ფანების აზრით შეურაცხმყოფელი იყო.
2. რესტარტის შემდეგ ბეილის ქცევებში სარკაზმი იკვეთებოდა ზიდანისა და ხელმძღვანელობის მიმართ. მაგალითად, “ალავესთან” მატჩის ბოლო წუთებში ძილის იმიტაცია გააკეთა. მაშინ, როდესაც ზიდანი ბოლო ცვლილებას აკეთებდა, ირონიულად იცინოდა და ა.შ. ამ ქმედებებით ბეილმა იმ ფანების მხარდაჭერაც კი დაკარგა, რომლებიც მას წარსულში გატანილი მნიშვნელოვანი გოლების გამო სცემდნენ პატივს.
3. გარეტი და მისი აგენტი ყველაფერში კლუბს ადანაშაულებენ. “ბეილი დიდებულია, მაგრამ ზიდანი მას არ აფასებს” – ასეთი რამ თქვა ჯონათან ბარნეტმა მაშინ, როდესაც მისი კლიენტი იმ სეზონის ყოველ 90 წუთში საშუალოდ 0.17 გოლით იჩენდა თავს (ყველაზე ცუდი მაჩვენებელი 10 წლის მანძილზე). გასაკვირი არაა, რომ Marca-ს გამოკითხვაში ფანებმა ბეილი ყველაზე ცუდ ფეხბურთელად დაასახელეს.
რატომ არ ტოვებს ბეილი კლუბს?
დღევანდელი გადმოსახედიდან “რეალის” მთავარი შეცდომა ბეილთან ექვსწლიანი ხელშეკრულების გაფორმება იყო. პერესმა 2016 წელს ბეილი ამ კონტრაქტით მნიშვნელოვან მატჩებში გატანილი გოლებისთვის დაასაჩუქრა და დარწმუნებულები იყავით, რომ ახლა ამ ყველაფერს ძალიან ნანობს.
2018 წლის ფინალში ფანებმა გარეტ ბეილის სასურველი სახე იხილეს. ბეილმა კარიუსს ორი ულამაზესი გოლი გაუტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. მას შემდეგ რონალდუ წავიდა და უელსელი გუნდის ლიდერი უნდა გამხდარიყო, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. როგორც აღმოჩნდა, რონალდუ ბეილისთვის ინსპირაციის წყარო იყო და არა ხელისშემშლელი ფაქტორი.
It's so sad to see Gareth Bale like this. 👎 pic.twitter.com/zOp7LBc7yc
— Football Tweet (@Football__Tweet) July 18, 2020
ბეილი თავის კონტრაქტს ყველაზე მეტად უფრთხილდება – ის არ აცდენს გუნდის ვარჯიშებს, ღონისძიებებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ წელიწადში 15 მილიონი ევრო გამოიმუშავოს.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ “რეალმა” ჩინეთიდან მიიღო შეთავაზება, თუმცა პერესმა ბეილის ტრანსფერის თანხა ვერ შეათანხმა, რაც ასევე სანანებელი გაუხდა – ჩინურ კლუბებს ლეგიონერებში 3 მილიონზე მეტის გადახდა აეკრძალათ. ბეილის მსურველი კი აღარავინაა.
როგორ უნდა მოიქცეს კლუბი?
ყველაზე გონივრული გამოსავალი გარეტ ბეილის რომელიმე გუნდისთვის მიყიდვაა, თანაც რაც შეიძლება მოკლე დროში. ამისათვის კი მყიდველის მიზიდვაა საჭირო, რაზეც უელსელი თავს არ იწუხებს.
არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამ გეგმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ფლორენტინო პერესმა ბეილის წასვლა ისეთივე სიხარულით აღნიშნოს, როგორც ჩემპიონთა ლიგის მოგება.