“მათ მითხრეს, რომ ბრძოლის შემდეგ დამელაპარაკებოდნენ” – დოლიძე იბრაგიმოვის გუნდის წევრებზე
რომან დოლიძემ სოციალურ ქსელ Facebook-ში, საკუთარი ოფიციალური გვერდის საშუალებით გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა.
როგორც იცით, ქართველმა მებრძოლმა UFC-ში ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრაში რუსეთის წარმომადგენელი, დაღესტნელი ხადის იბრაგიმოვი პირველივე რაუნდში დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ, კადრში გამოჩნდა, რომ დოლიძემ მეტოქის თანაგუნდელებს რაღაც უთხრა. რამდენიმე რუსული გამოცემა წერდა, რომ რომანმა იბრაგიმოვის გუნდს ემოციების გამოხატვის გამო ბოდიში მოუხადა. დოლიძემ კომენტარი სწორედ ამ საკითხზე გააკეთა.
“ბოდიში არავისთვის არ მომიხდია. როდესაც ბრძოლა დამთავრდა, მივედი მათთან, ჩემი ოპონენტის კუთხეში. ოპონენტი ჯერ აზრზე არ იყო, ვერაფერს ხვდებოდა. მათ ვუთხარი: “არ გეწყინოთ, ეს ჩემი ემოციები იყო.” ბოდიში ნამდვილად არ მომიხდია. მათ მითხრეს: “ჩვენ დაგელაპარაკებით”, მე ვუპასუხე: “თუ გინდათ აქვე დამელაპარაკეთ, არ არის პრობლემა”. ამის შემდეგ ჩემთან პრეტენზია არავის არ ჰქონია”, – თქვა დოლიძემ.