ჩირო იმობილემ “ოქროს ბუცი” გაინაღდა
რომის “ლაციოს” თავდამსხმელმა ჩირო იმობილემ “ოქროს ბუცი” გაინაღდა.
30 წლის ფეხბურთელის ბოლო კონკურენტი კრიშტიანუ რონალდუ იყო, თუმცა პორტუგალიელი ფეხბურთელი ტურინის “იუვენტუსსა” და “რომას” შორის დღეს გასამართი მატჩის განაცხადში არ შეიყვანეს. შესაბამისად, იმობილემ ევროპული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირის წოდება ვადაზე ადრე მოიპოვა.
იმობილემ სერია A-ს გათამაშებაში გატანილი 35 გოლით ბომბარდირთა შორის ბრძოლაში 70 ქულა მოიპოვა. მისი უახლოესი მადევარი მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი იყო (34 გოლი), მესამე პოზიციაზე კი კრიშტიანუ რონალდუ გახლავთ (31 გოლი).
დღეს “ლაციო” “ნაპოლის” ესტუმრება და ჩირო იმობილეს რეკორდის დამყარების შანსიც აქვს. კერძოდ, სერია A-ს ერთი კონკრეტული გათამაშების განმავლობაში ყველაზე მეტი ბურთი გონსალო იგუაინს აქვს გატანილი, რომელმაც 2015-2016 წლების სეზონში 36 გოლი მიითვალა. იმობილეს ამ რეკორდის გასამეორებლად დღეს ერთი ბურთის გატანა მართებს.