დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 1 აგვისტო
ხიმენესისთვის ბრძოლაში “იუვენტუსი” დაწინაურდა
ესპანურ პრესაში გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, “ვულვერჰემპტონის” ვარსკვლავისთვის ბრძოლაში ტურინის “იუვენტუსია” დაწინაურებული. საუბარია რაულ ხიმენესის შესაძლო ტრანსფერზე.
როგორც იცით, 29 წლის ფეხბურთელს მთელი სეზონის განმავლობაში “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ სატრანსფერო სამიზნედ მოიხსენიებდნენ. ხიმენესმა “ვულვზის” მაისურით მიმდინარე სეზონში 27 გოლი გაიტანა.
“პსჟ” ტიაგოს ტრანსფერში 30 მილიონს გადაიხდის
ივლისის მიწურულს “ბაიერნის” გენერალურმა დირექტორმა დაადასტურა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კლუბი ტიაგო ალკანტარას სატრანსფერო ბაზარზე დაყენებას გეგმავდა.
როგორც ჩანს, ამ განცხადებამ მალევე მიიპყრო “პარი სენ-ჟერმენის” ყურადღება და საფრანგეთის ჩემპიონები ესპანელი ნახევარმცველის ტრანსფერში “რეკორდმაისტერს” 30 მილიონ ევროს სთავაზობს. ინფორმაციას Le 10 Sport ადასტურებს.
ლაუტარო “ბარსელონასგან” ოფიციალურ წინადადებას ელის
მილანის “ინტერის” თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესს თავის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღია. რამდენადაც ცნობილი ხდება, ის “ბარსელონასგან” ოფიციალურ წინადადებას ელის.
ლა ლიგის გიგანტ კლუბში იციან, რომ არგენტინელ ვარსკვლავს კარიერის “კამპ ნოუზე” გაგრძელება სურს. ტრანსფერის შემაფერხებელ ფაქტორად ფინანსები გვევლინება – როგორც გუშინ გახდა ცნობილი, “ლურჯ-ბროწეულისფრებს” სატრანსფერო ბიუჯეტი შევსებას დაუყოვნებლივ საჭიროებს.
“მანჩესტერ სიტიმ” თვალი სერხი რობერტოს დაადგა
პეპ გვარდიოლას “ეტიჰად სტედიუმზე” სერხი რობერტოს მიყვანა სურს. კატალონიური გამოცემა Sport ირწმუნება, რომ მხარეებს შორის ტრანსფერის თაობაზე კონტაქტი უკვე შედგა.
“ბარსელონას” მესვეურებს ურჩევნიათ, რომ რობერტო შეინარჩუნონ და ნელსონ სემედუ გაუშვან, თუმცა “ქალაქელები” მზად არიან რობერტოს ტრანსფერში დიდი თანხა დახარჯონ, რამაც გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს.
“იუვენტუსს” ბერნანდესკის ნაცვლად მილიკის მიღება სურს
“იუვენტუსის” ხელმძღვანელები ფედერიკო ბერნანდესკის ასპარეზობით უკმაყოფილონი არიან და მზად არიან, “ფიორენტინას” ყოფილი ფეხბურთელი არკადიუშ მილიკის ტრანსფერში ჩართონ.
პოლონელი თავდამსხმელის ტრანსფერი “ბებერი ქალბატონის” ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, თუმცა “ნეაპოლიტანელები” მის სანაცვლოდ დიდ თანხას ითხოვენ. სწორედ ამიტომ დაიწყეს “ბიანკონერის” უფროსებმა ბარტერზე ფიქრი.