ვარანი “სიტისთან” მატჩზე: “გაიმარჯვებს ის, ვინც იმ დღეს საუკეთესო იქნება”
მადრიდის “რეალის” მცველმა, რაფაელ ვარანმა, ჩემპიონთა ლიგაზე “მანჩესტერ სიტისთან” გასამართ განმეორებით მატჩზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ სიტისა” და “რეალს” შორის გამართული პირველი შეხვედრა ბრიტანელთა გამარჯვებით (1-2) დასრულდა.
“ჩვენ ყოველდღე მოგებაზე ვფიქრობთ, ჩვენ “რეალს” წარმოვადგენთ. გვინდა, რომ ყველაფერი მოვიგოთ და ამ გზით თვითდაჯერებულობა მოვიმატოთ.
ამ დღეებში მატჩების ჩატარება არ გვიწევს, ამიტომაც მოსამზადებლად დიდი დრო გვაქვს. გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელიც იმ კონკრეტულ დღეს საუკეთეს იქნება. ჩვენ სათამაშოდ მშივრები გავალთ, საჭირო მონდომებულობით.
წინ ძალიან რთული მატჩი გველის დიდებული გუნდის წინააღმდეგ. პირველ მატჩში უმაღლესი დონის ფეხბურთი შედგა, ორივე გუნდი ინტენსიურ პრესინგს მიმართავდა. ყველაფერი მცირე დეტალებმა გადაწყვიტეს.
ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო თამაშები სწორედ ისინია, რომელთა ბედსაც პატარა დეტალები წყვეტენ. ამიტომაც გვიყვარს ეს ტურნირი,” – აცხადებს ფრანგი ცენტრალური მცველი.