პირლო გუნდიდან იგუაინის, დუგლას კოსტასა და ხედირას გაშვებას აპირებს
ტურინის “იუვენტუსის” ახალდანიშნული მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო გუნდში საკადრო ცვლილებებს გეგმავს.
ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს, რომ ახალი თავკაცი გონსალო იგუაინს, სამი ხედირასა და დუგლას კოსტას გუნდიდან გაუშვებს. ამ ფეხბურთელების რეალიზაციიდან მიღებული თანხით კლუბი ახალი თავდამსხმელისა და ცენტრალური ნახევარმცველის შეძენას შეეცდება.
გარდა ამისა, ანდრეა პირლო პაულო დიბალას კლუბის უმნიშვნელოვანეს აქტივად თვლის და გუნდის აშენებას მის გარშემო აპირებს. “ბიანკონერი” არგენტინელ ფეხბურთელს კონტრაქტის გახანგრძლივებას უახლოეს მომავალში შესთავაზებს.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, დიბალა “იუვენტუსისგან” ხუთწლიან შრომით ხელშეკრულებასა და წელიწადში ჯამაგირის სახით 15 მილიონ ევროს ითხოვს, როცა “ბებერი სინიორა” მას წლიურად 10 მილიონსა და სხვადასხვა სახის ბონუსებს სთავაზობს.