“სელტიკის” ფეხბურთელის საქციელის გამო შოტლანდიის ჩემპიონატი შეჩერების პირასაა
გლაზგოს “სელტიკის” მარცხენაფლანგელმა მცველმა ბოლი ბოლინგოლი-მბომბომ კარანტინის წესი დაარღვია, რის გამოც შესაძლოა, შოტლანდიის ჩემპიონატი შეჩერდეს.
ბელგიელმა ფეხბურთელმა პრემიერშიფის მეორე ტურში “კილმარნოკის” წინააღმდეგ გამართული მატჩის (1:1) შემდეგ კლუბის ნებართვის გარეშე ქვეყანა დატოვა და ესპანეთში გაემგზავრა. ბოლინგოლის შოტლანდიაში დაბრუნების შემდეგ კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა.
ბოლინგოლი-მბომბოს შემთხვევის შემდეგ შოტლანდიის მთავრობამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: “შოტლანდიურ ფეხბურთში კარანტინის წესის კიდევ ერთი უხეში დარღვევის შემთხვევაში, ჩვენ ტურნირის შეჩერების საკითხზე ვიმსჯელებთ”.
მოგვიანებით “სელტიკმა” და თავად ფეხბურთელმა მომხდარის გამო ბოდიში მოიხადეს.
ბოლო ორ კვირაში ეს შოტლანდიაში კარანტინის წესის დარღვევის მეორე უხეში შემთხვევაა. პირველი ინციდენტი “აბერდინს” უკავშირდება. კლუბის რვა ფეხბურთელი მატჩის წინა დღეს პაბში შეიკრიბა, რის გამოც მათი შეხვედრა ჩაიშალა.