მერაბ დვალიშვილი: “საქართველოში ცუდი პერიოდი იყო. ზოგჯერ ფეხსაცმელი არ მქონდა, ფეხბურთი რომ მეთამაშა”
მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. ქართველი მებრძოლი გამოცდილ ამერიკელს, ჯონ დოდსონს დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.
დვალიშვილმა მთავარ ღონისძიებაზე პირველად იჩხუბა და ამ დონის მეტოქესაც პირველად შეხვდა. მერაბმა გამარჯვებით 105 000 დოლარი გამოიმუშავა და თქვა, რომ ამიერიდან მშენებლობაზე მუშაობა აღარ ესაჭიროება და ნიუ იორკში სახლსაც შეიძენს.
29 წლის მებრძოლი პრესკონფერენციაზე ჩოხითა და ფაფახით მივიდა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ როცა ის დაიბადა საქართველოში ომი მიმდინარეობდა და რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა.
“მე მთებიდან მოვდივარ. როცა დავიბადე, საქართველოში ცუდი პერიოდი იყო. საქართველოსა და რუსეთს შორის ომი მიმდინარეობდა. რუსეთმა კიდევ ერთხელ განახორციელა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ამ დროს ჩვენ არ გვქონდა შუქი, ყველაფერი გაჩერდა, სამსახურები არ არსებობდა. ზოგჯერ ფეხსაცმელი არ მქონდა, ფეხბურთი რომ მეთამაშა, ზოგჯერ კი ბურთი. ღარიბი ოჯახიდან მოვდივარ, თუმცა შემდეგ რაღაცები შეიცვალა. ჩემი ოჯახი ყოველთვის შრომობდა. სწორედ ეს ვისწავლე მშობლებისაგან. ახლა ჩემი ცხოვრება შეიცვალა და შემიძლია სახლი ვიყიდო”, – განაცხადა დვალიშვილმა.