დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 17 აგვისტო
“აიაქსს” სუარესის დაბრუნება სურს
ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე ზაფხულში ამსტერდამის “აიაქსი” ლუის სუარესის შეძენას შეეცდება.
როგორც იცით, ურუგვაელი თავდამსხმელი ამსტერდამულ კლუბში 2007-2011 წლებში თამაშობდა და გუნდის კაპიტანიც იყო.
“რეალის” მთავარი სამიზნე უპამეკანოა
გამოცემა “ასის” ინფორმაციით, მადრიდის “რეალს” “ლაიფციგის” ცენტრალური მცველის დაიო უპამეკანოს შეძენა სურს.
21 წლის ფრანგი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევროა. აღსანიშნავია, რომ “ლაიფციგს” მისი ზაფხულში გაშვება არ უნდა.
პოჩეტინო “მანჩესტერ სიტიში”?
ბრიტანული მედიის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ პეპ გვარდიოლა “მანჩესტერ სიტის” დატოვებს, გუნდის მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო გახდება.
შეგახსენებთ, რომ პოჩეტინო 2014-2019 წლებში “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი იყო.
ზლატანი გადაწყვეტილებას მალე მიიღებს
“მილანმა” ზლატან იბრაჰიმოვიჩს ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. ამ ხელშეკრულების თანახმად, იბრაჰიმოვიჩი “როსონერიში”, ხელფასის სახით, 5 მილიონ ევროსა და დამატებით ბონუსებს მიიღებს.
თავად იბრაჰიმოვიჩს სურს, რომ ხელფასი 7.5 მილიონი იყოს. აქედან გამომდინარე, მხარეები საბოლოოდ ჯერ ვერ შეთანხმდნენ.
“მილანი” ახალი სეზონისათვის მზადებას მომდევნო კვირაში იწყებს, ამიტომ მხარეებს იმედი აქვთ, რომ შეთანხმებას უახლოეს ხანებში მიაღწევენ.
“საბურთალომ” კამერუნის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
კამერუნის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ოლივიე ბუმალი ამიერიდან “საბურთალოს” ღირსებას დაიცავს. 30 წლის ფეხბურთელმა თბილისურ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და გუნდთან ერთად პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.
ბუმალი ბოლოს ბერძნული “პანიონისის” რიგებში თამაშობდა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი უკლუბოდ იყო.
კამერუნელმა ნახევარმცველმა კარიერის უმეტესი ნაწილი საბერძნეთში გაატარა. სხვადასხვა დროს “პანათინაიკოსის”, “ირაკლისის”, “ლევადიაკოისა” და “პანეტოლიკოსის” რიგებში ირიცხებოდა. 2017 წელს ის ჩინურ “ლიაონინში” გადავიდა, საიდაცან კარიერა იაპონურ “იოკოჰამა მარინოსში” გააგრძელა.
ბუმალს კამერუნის ეროვნულ ნაკრებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული.