ლუკა ლოჩოშვილი: “ტირანას” ბარიერს გადავლახავთ”
თბილისის “დინამო” 19 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ “ტირანას” უმასპინძლებს. Fanebi.com “დინამოს” ცენტრალურ მცველს, ლუკა ლოჩოშვილს დაუკავშირდა და მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.
– “დინამო” სეზონის განახლების შემდეგ კარგ ფორმაში შევიდა და ეროვნულ ლიგაში მე-2 ადგილზეა. როგორ ფიქრობ, იპოვა გუნდმა თავისი თამაში?
– კი, გუნდი ოპტიმალურ ფორმასთან ახლოს არის. რა სათამაშო ფილოსოფიასაც ვთამაშობთ, არ არის ადვილი შესაგუებელი. ამას, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, უკვე ყველაფერი ლაგდება.
– “დინამოს” ჩემპიონატში ყველაზე ნაკლები, 4 გოლი აქვს გაშვებული და შენი წვლილი ამაში საკმაოდ დიდია. ფეხბურთელის სტაბილურობა ასაკთან ერთად მოდის?
– ეს ფაქტი ძალიან სასიხარულოა, მაგრამ მხოლოდ ინდივიდუალური ფაქტორი არ არის, მთლიანი გუნდის მუშაობას და მინდორზე თითოეული თანაგუნდელის მოქმედებას უკავშირდება. მცველი სხვა პოზიციასთან შედარებით, ისეთი პოზიცია, სადაც გამოცდილება ბევრს ნიშნავს და გადამწყვეტი ფაქტორია. ვფიქრობ, გამოცდილება ასაკთან ერთად მოდის, მაგრამ ახალგაზრდულ ასაკშიც შეგიძლია მინდორზე თავდაჯერებული და ლიდერი იყო. ამის ბევრი მაგალითი არსებობს.
– 2 დღეში “ტირანასთან” ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართება. მეტოქის შესწავლა უკვე დაწყებული გექნებათ. როგორ შეაფასეთ გუნდში “ტირანას” ძალები?
– მეტოქის შესწავლა დიდი ხანია დავიწყეთ და კარგადაც შევისწავლეთ. “ტირანა” კარგი გუნდია, კარგი ლეგიონერებით დაკომპლექტებული. თავისი ქვეყნის ჩემპიონი სხვანაირად ვერც გახდებოდა.
– “ტირანას” ლიდერი ინგლისელი თავდამსხმელი მაიკლ ნგოოა, რომელიც თითქმის 2 მეტრია სიმაღლეში და კლუბის მთავარი დამრტყმელი ძალაა. სწორედ ცენტრალურ მცველებს მოუწევთ მისი აყვანა. რას იტყვი მასზე?
– კი, მისი თამაში ვნახეთ და მართლაც გამორჩეულია “ტირანას” შემადგენლობაში, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, მთავარია ვინ უფრო კარგად იქნება კონკრეტულ მომენტში მომზადებული და უფრო კონცეტრირებული. ამას სანაკრებო გამოცდილებიდან ვიძახი, სადაც უფრო მაღალ შემსრულებლებთანაც მომიწია თამაში, ვიდრე ნგოაა.
– შეუძლია ამ ფორმაციის “დინამოს” ევროთასებზე ჯგუფურ ეტაპზე გასვლა?
– ყველაფერი შესაძლებელია, რა თქმა უნდა. ბევრი რამ წილისყრაზე იქნება დამოკიდებული. პირველ რიგში, “ტირანას” ბარიერი არის გასავლელი, რასაც, ვფიქრობ, რომ შევასრულებთ და შემდეგ რა და როგორ იქნება, დრო გვაჩვენებს.