ჯო ჰარტი “ტოტენჰემში” გადავიდა
33 წლის ინგლისელი მეკარე ჯო ჰარტი, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა, “ტოტენჰემ ჰოთსპურში” გადავიდა. მხარეებს შორის დადებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულამდე ექნება.
შეგახსენებთ, რომ ჯო ჰარტი მანამდე “ბერნლიში” თამაშობდა. კლუბმა მეკარე 2018 წლის ზაფხულში “მანჩესტერ სიტისგან” სამნახევარი მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეიძინა, თუმცა ჰარტმა “ტერფ მურზე” საკუთარი თავი ვერ წარმოაჩინა. მან ძირითად შემადგენლობაში ადგილი 2018 წლის დეკემბერში დაკარგა, როდესაც “ბერნლი” “ევერტონთან” ანგარიშით 1:5 განადგურდა. მას შემდეგ ჯომ მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა და სამივე სათასო შეჯიბრებაზე.
“პირველ რიგში, მადლობას ვუხდი კლუბს, რომ ჩემში რაღაც დაინახა. რამდენიმე რთული წელი გამოვიარე. ვგრძნობ, რომ საკმარისი დონე გამაჩნია, თუმცა ბოლო პერიოდში სათამაშო დრო არ მეძლეოდა.
მომავალს პოზიტიურად ვუყურებ. შეგრძნება მაქვს, რომ ყველაფერს თავიდან ვიწყებ და ეს გრძნობა მომწონს. ჩემი სხეული ამ დასაწყისისთვის მზად არის. მზად ვარ ძველ დონეზე დასაბრუნებლად. მიყვარს ევროპული ფეხბურთის იდეა, კვირაში ორი მატჩით”, – ციტირებს ჰარტის სიტყვებს “ტოტენჰემის” ოფიციალური ვებგვერდი.