ევროთასებზე ერთმატჩიანი ფორმატი შესაძლოა, ძალაში დარჩეს
კორონავირუსული პანდემიისგან გამოწვეული იძულებითი ცვლილება ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ფორმატში შესაძლოა, ძალაში დარჩეს. საუბარია მეოთხედფინალური ეტაპიდან გამარჯვებული გუნდის ერთი მატჩით გამოვლენაზე. ამის შესახებ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა განაცხადა.
“უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის ერთმატჩიანი სისტემა ბევრად საინტერესოა, ვიდრე ორმატჩიანი დაპირისპირება. “რვათა ფინალი” ის საინტერესო რამაა, რაც პანდემიამ მოგვიტანა. ეს ჩვენი მხრიდან იძულებითი ღონისძიება იყო, თუმცა საქმეში საკმაოდ საინტერესო სისტემა მივიღეთ. ჩემპიონთა ლიგასა თუ ევროპის ლიგაზე ერთი მატჩის მოგება ნებისმიერ გუნდს შეუძლია. ასე რომ, ამ ფორმატზე უნდა ვიფიქროთ. სექტემბერიდან ან ოქტომბრიდან სერიოზულ განხილვებს დავიწყებთ.
შესაძლოა, ტურნირზე ჩასატარებელი მატჩების რაოდენობა შემცირდეს, მაგრამ მათი მნიშვნელობა გაიზრდება. ბევრი მეგობარი მირეკავს და მწერს, ისინი ამ ფორმატით აღფრთოვანებულნი არიან. იმდენი ტაქტიკაც აღარ არის.
ამ ფორმატზე ადრე არც გვიფიქრია, ახლა კი ეს იდეა ჭკუაში დაგვიჯდა. შევხვდებით და ამ სისტემაზე აუცილებლად ვიმსჯელებთ”, – ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს “ასოშეითედ პრესი”.