ლევანდოვსკი, ნეიმარი, მანე, სერხიო რამოსი – ვან გალის არასრული სატრანსფერო მიზნები “იუნაიტედში”
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ლუი ვან გალმა, რომელმაც “მანჩესტერ იუნაიტედში” ორი წელი გაატარა, თქვა, რომ “ლივერპულის” გაწვრთნის შანსიც ჰქონდა. გარდა ამისა, მან “ოლდ ტრაფორდზე” მუშაობის პერიოდში არსებული სატრანსფერო მიზნების შესახებ ისაუბრა.
“რობერტ ლევანდოვსკის ყიდვას ვცდილობდი, მაგრამ ეს საკმაოდ რთული საქმე იყო. გონსალო იგუაინის დამატებაც ვცადეთ. ინგლისში ჩასვლამდე კლუბის ხელმძღვანელობას ვუთხარი, რომ ნეიმარის გაფორმების სურვილი მქონდა. თუ წვრთნი “იუნაიტედს”, მაშინ მასშტაბურად უნდა იფიქრო. სწრაფი ფორვარდების ყოლა მინდოდა – მოლაპარაკებების წარმოებას ვცდილობდი მანესთან და მაჰრეზთან.
ჩემს სიაში თომას მიულერიც ეწერა, ნახევარდაცვის ცენტრში კი ნგოლო კანტეს ხილვა მსურდა. ჯეიმს მილნერის დამატებაც ვცადე – უკვე გამოცდილი და ლიდერული თვისებების მქონე ფეხბურთელი იყო. დაცვაში სერხიო რამოსისა და მათს ჰუმელსის ხილვა მინდოდა, ვინაიდან ჩვენი დაცვა ნამდვილად არ იყო საიმედო.
“ლივერპულის” მმართველი დირექტორი იან ეირი პორტუგალიაში გამოემგზავრა, სადაც სახლი მაქვს. ხანგრძლივი საუბარი გვქონდა, ის ვახშამზეც კი დარჩა, თუმცა ეირი წავიდა და მას შემდეგ “ლივერპულისგან” არავინ შემხმიანებია. ეირი პორტუგალიაში ნამდვილად არ გამოფრინდებოდა, საქმე სერიოზულად რომ არ ყოფილიყო. შემდეგ ვიღაცისგან გავიგე, რომ მე თითქოს ძალიან ამპარტავნულად ვიქცეოდი… არ ვიცი”, – თქვა ვან გალმა FourFourTwo-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა რამდენიმე თვის წინ თქვა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედს” 600 მილიონი გირვანქა სტერლინგის ბრუნვა ჰქონდა, თუმცა კლუბი მისთვის საჭირო ფეხბურთელებს არ ყიდულობდა.