ჰარი მაგუაირს პირობითი მსჯავრი შეეფარდა, ფეხბურთელი ინგლისის ნაკრებიდან მოკვეთეს
“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი ჰარი მაგუაირი ინგლისის ნაკრებიდან მოკვეთეს. “სამი ლომის” თავკაც გარეტ საუთგეიტის მიერ მიღებული ეს სანქცია, სავარაუდოდ, დროებითია.
27 წლის ფეხბურთელი საბერძნეთში მომხდარი ინციდენტის გამო დაისაჯა.
გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ სასამართლო პროცესის შემდეგ მაგუაირს 21 თვითა და ათი დღის ვადით პირობითი მსჯავრი შეეფარდა. ინგლისელი ფეხბურთელი მის წინააღმდეგ წარდგენილ ყველა ბრალდებაში ცნეს დამნაშავედ: თავდასხმა, შეურაცხყოფა, თავდასხმა პოლიციელზე და მოქრთამვის მცდელობა.
ჰარი მაგუაირმა თქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
“ჩემს უდანაშაულობაში დარწმუნებული ვარ. მსხვერპლი მე, ჩემი ოჯახი და ჩემი მეგობრები არიან”, – ციტირებს მაგუაირის სიტყვებს “ბიბისი”.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე მაგუაირი და ბრიტანელი ტურისტების ჯგუფი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ყველაფერი კი ფეხბურთელისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” შეურაცხყოფით დაიწყო, კონფლიქტი ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც მოთამაშის და ხელში ბლაგვი საგნით დაჭრეს. ახლობელი ადამიანის დაჭრამ მაგუაირი განარისხა, ტურისტებს თავს დაესხა და კარგი სპორტული მომზადების ხარჯზე მათ იოლად გაუსწორდა.
საჭირო გახდა სამართალდამცველების გამოძახება. მაგუაირი ეცადა, პოლიციის წარმომადგენლებისთვის მომხდარი აეხსნა და მათ საჯარიმო თანხის გადახდაც კი შესთავაზა, რაც სამართალდამცველებმა მოსყიდვის მცდელობად აღიქვეს და საბოლოო ჯამში, ის დააკავეს. მოგვიანებით მაგუაირი გაათავისუფლეს.