კურიოზი: რატომ არ ითამაშა ჯორჯო კიელინიმ ბოსნიის ნაკრების წინააღმდეგ?
4 სექტემბერს, უეფას ერთა ლიგის მატჩში იტალიის ნაკრები საკუთარ მოედანზე ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.
მასპინძელთა შემადგენლობაში არ უთამაშია ჯორჯო კიელინის, რასაც კურიოზული მიზეზი აქვს. იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა.
“ეს ჩემი შეცდომა იყო. მაჩვენეს სასტარტო შემადგენლობა, სათვალე თან არ მქონდა და მარტივად ვთქვი: “მშვენიერია”. ვერ შევამჩნიე, რომ ძირითად შემადგენლობაში კიელინის მაგივრად, აჩერბი ეწერა. რეალურად, დაგეგმილი გვქონდა, რომ ორი მატჩიდან ერთში აჩერბის ეთამაშა, ერთში კი კიელინის. ჯორჯოს ვკითხე, სურდა თუ არა დღესვე ეთამაშა, მან მითხრა, რომ მოედანზე ყოფნა დღესვე უნდოდა, მაგრამ ამისათვის აჩერბის შეცვლა მოგვიწევდა”, – განაცხადა მანჩინიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები 7 სექტემბერს სტუმრად ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.