ვასილ მაისურაძე: “ღირსეულად ვითამაშეთ ასეთ ძალასთან”
საქართველოსა და საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებთა შეხვედრის 0-2 დასრულების შემდეგ კომენტარი ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ და ნახევარმცველმა გიორგი კუციამ გააკეთეს:
💬 ვასილ მაისურაძე: “უმაღლესი დონის მოწინააღმდეგეს დავუპირისპირდით, რთული მატჩი გამოდგა, თუმცა ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ. ლიხტენშტაინში სხვა თამაშს ველოდებით, მოედანზე სხვა განწყობით გავალთ. შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები სასტარტო შემადგენლობაშიც მოხდეს. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და სამი ქულა ავიღოთ.”
💬 გიორგი კუცია: “ვფიქრობ, რომ ეროვნულ ნაკრებში კარგი გამოცდილება მივიღე და ეს დღევანდელ მატჩშიც გამომადგა. რაც შეეხება საფრანგეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრას, პირველ ტაიმში ცოტათი გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ შევძელით თამაშის გამოსწორება და საფრანგეთის დონის ნაკრებს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიეთ. ნამდვილად დასანანი მარცხი იყო, ბიჭებმა ბოლომდე ვიბრძოლეთ, რომ სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია.”
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას ლიხტენშტაინის წინააღმდეგ 8 სექტემბერს სტუმრად გამართავს. ჩვენი გუნდი მატჩის მასპინძელ ქალაქ ესხენში ჩარტერული რეისით 7 სექტემბერს გაემგზავრება.