ანალიზი: ვლადიმერ ვაისის ორი მთავარი შეცდომა, რომელმაც 2 ქულა დაგვაკარგვინა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ესტონეთთან მოგებული მატჩის შემდეგ ჩრდ.მაკედონიასთან 3 ცვლილება გააკეთა.
შეცვალა მარცხენა მცველის პოზიციაზე ჯამბულ ჯიღაური და მის ნაცვლად პოზიციით მარჯვენა მცველი, ნიკა მალი დააყენა. შეცვალა ერთადერთი გოლის გამტანი ნიკა კაჭარავა და გიორგი ქვილითაია დააყენა. შეცვალა გიორგი ჩაკვეტაძე და შემოიყვანა ზურიკო დავითაშვილი.
საქართველოს ნაკრებმა 10-კაციან ჩრდილოეთ მაკედონიას ვერ მოუგო და ამაში სწორედ მხოლოდ ვლადიმერ ვაისია დამნაშავე.
შეცდომა N1
ესტონეთთან 0-1 მოგებულ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო ბათუმის “დინამოს” ნახევარმცველი ჯამბულ ჯიღაური იყო, რომელიც მარცხენა მცველის პოზიციაზე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ჯიღაურის ნაცვლად ვაისმა ახალგაზრდა მალი დააყენა.
“უშუალოდ ამ მატჩებისთვის გამოძახებას არ ველოდი, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ველოდი ამ დღეს” – ნიკა მალიმ “საბურთალოს” ოფიციალურ ვებ-გვერდს გამოძახების შემდეგ უთხრა.
ნიკა ეროვნული ლიგის საუკეთესო მარჯვენა მცველია, ის გაცილებით უფრო ადრე იმსახურებდა გამოძახებას, ვიდრე მხოლოდ ახლა, მაგრამ ეროვნული ლიგის უკანასკნელ მატჩებში ძალიან ცუდ ფორმაში იყო და ამაზე მისი სიტყვებიც მიანიშნებს. “საბურთალოს” ბოლო რამდენიმე გაშვებული გოლი მის შეცდომას უკავშირდება.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ როცა “საბურთალოს” მარცხენა მცველი არ ჰყავდა და მალი ჯანმრთელად იყო, მას მაშინაც არ აყენებდნენ მარცხენა ფლანგზე და ამ ფრთაზე თამაშის არანაირი გამოცდილება არ აქვს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ვაისმა განაცხადა, რომ მალი ახალგაზრდა ფეხბურთელია, კარგი კაცია და იმ შეცდომის გარდა, კარგი მატჩი ჩაატარა. შეცდომას ყველა უშვებს და მას შანსი მისცა. დიახ, მალი მართლაც გამორჩეული მოთამაშეა და ეროვნული ლიგაში მოთამაშე განსაკუთრებით იმსახურებს შანსს, მაგრამ იყო ახლა ექსპერიმენტების დრო ან რატომ უნდა აკიდო ტვირთად ახალგაზრდა ფეხბურთელს მისთვის უხერხულ და უცნობ ადგილას თამაში სადებიუტო შეხვედრაში?
რა თქმა უნდა, ლოგიკურია იმ ალბათობის დაშვებაც, რომ ვაისი საერთოდ არ აკვირდება ეროვნულ ლიგას და ეს ინფორმაცია რომ ჰქონოდა, ამ შეცდომას აღარ დაუშვებდა. მალი არაფერ შუაშია, პირიქით, დღეს მას მარჯვენა ფლანგზე რომ ეთამაშა, შესაძლოა კაკაბაძეზე უკეთესიც ყოფილიყო.
შეცდომა 2
არავინ ელოდა ნიკა კაჭარავას გამოძახებას ამ ორი მატჩისთვის, მაგრამ ვაისმა გამოიძახა, არავინ ელოდა მის ძირითადში ყოფნას, მაგრამ ვაისმა დაააყენა და გაიტანა კიდეც.
ვინ ელოდა, რომ ნიკა კაჭარავა გატანილი გოლის შემდეგ სკამზე დარჩებოდა? ვაისი ყოველ პრესკონფერენციაზე ყველაზე დიდ დროს იმაზე საუბარს უთმობს, რომ ნაკრების ფეხბურთელები კვიპროსში, ყაზახეთში, რუსეთში თამაშობენ და არა ევროპის წამყვან ლიგებში. გუნდის მთავარი პრობლემა მარცხენა მცველი და ცენტფორვარდია. ძნელია, არ დაეთანხმო, თუმცა, ამის მოსმენის შემდეგ ძირითადში აყენებ ფეხბურთელს, რომელსაც პრაქტიკულად 2020 წელს არც უთამაშია და ერთადერთი გოლის ავტორს სკამზე ტოვებ – საინტერესოა.
6-ჯერ დაკარგული ბურთი – 16 შეხება
ქვილითაია აუცილებლად იმსახურებს შანსს, მაგრამ ბოლო 20 წუთში ის გაცილებით უფრო პროდუქტიული იქნებოდა და მეტის შექმნასაც შეძლებდა.
პოზიტივი N1
შესაძლოა, ამ ყველაფერზე დიდი გავლენა წითელმა ბარათმა, კვეკვესკირის ტრავმამაც და მოსაგებმა თამაშმაც იმოქმედა, მაგრამ ვაისმა 5 შემტევით დაასრულა მატჩი და ეს აშკარად აქტივში უნდა ჩაეწეროს. ასეთი რამ სლოვაკს არასდროს გაუკეთებია.
ვლადიმერ ვაისმა აშკარად მოიტანა ცვლილებები ნაკრებში, დაალაგა გუნდი, მეტი სტაბილურობა შესძინა ჩვენ თამაშს, მაგრამ ოქროს თაობას (ჩაკვე, კვარა, ზურიკო…) ის სათანადოდ ვერ გაუძღვება.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია