ნიკა მალი: “მატჩის შემდეგ მწვრთნელები და ფეხბურთელები მამხნევებდნენ”
“საბურთალოს” 21 წლის ფეხბურთელის ნიკა მალის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ შედგა. ჩვენ მას რამდენიმე კითხვით გავესაუბრეთ:
– ნიკა, გილოცავთ ქვეყნის პირველ გუნდში დებიუტს. თავიდან დავიწყოთ – შეკრებაზე რომ გამოცხადდით, მთავარ მწვრთნელს თუ ესაუბრეთ?
– მადლობა მოლოცვისთვის. რომ გამოვცხადდი შეკრებაზე ვლადიმირ ვაისი შემხვდა, მომილოცა ნაკრებში გამოძახება და წარმატებები მისურვა. შემდეგ, ვარჯიშებზეც მამხნევებდა, გვერდში დგომას ვგრძნობდი. მადლობას მას და სამწვრთნელო შტაბს, ასევე ფეხბურთელებს.
– სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში გითამაშიათ, თუმცა ეროვნულ ნაკრებში პირველად მოხვდით. ელოდით, რომ პირველივე ჯერზე მოგიწევდათ ძირითადში თამაში?
– მატჩის წინა დღეს, ვარჯიშზე მთავარმა მწვრთნელმა მარცხენა ფლანგზე მათამაშა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში თუ ვითამაშებდი არ ვიცოდი. ეს ყველაფერი თეორიაზე გავიგე. სურპრიზი იყო, გამეხარდა და კიდევ უფრო დიდი სტიმული მომეცა. ხშირად არ ხდება, რომ ფეხბურთელი პირველივე გამოძახებაზე ძირითად შემადგენლობაში ყოფილიყო. მადლობა სამწვრთნელო შტაბს ნდობისთვის.
ვიცი, რომ ბევრი მაქვს სამუშაო, მოსამატებელი მაქვს სხვადასხვა კომპონენტებში. ყველაფერთან ერთად, გამოცდილებაც დამიგროვდება და მჯერა მომავალში უკეთ წარმოვაჩენ საკუთარ შესაძლებლობებს.
– სადებიუტო მატჩზე რა შეგიძლიათ თქვათ?
– მოსაგები თამაში იყო, უნდა მოგვეპოვებინა 3 ქულა. ერთმა შეცდომამ, რომელიც ჩემს გამო მოხდა, ქულები დაგვაკარგვინა. განსაკუთრებით მეორე ტაიმში რამდენიმე კარგი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ მეორე გოლის გატანა.
– იმ ეპიზოდის შემდეგ, როდესაც გოლი გავუშვით, ხომ არ გაგიჭირდათ თამაში?
– ფსიქოლოგიურად ცოტა გამიჭირდა, მაგრამ ფეხბურთელმა უნდა იპოვო ძალა და გააგრძელო თამაში. ვცდილობდი აქტიური ვყოფილიყავი და გუნდისთვის სარგებელი მომეტანა.
– თამაშის შემდეგ მთავარი მწვრთნელი გესაუბრათ?
– მწვრთნელები და ფეხბურთელები მამხნევებდნენ, გვერდში დამიდგნენ.
– ეროვნულ ჩემპიონატზეც გკითხავთ – “საბურთალოს” უახლოესი მატჩები ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული ელის. ახლა ალბათ მთლიანად საკლუბო თამაშებზე გადაერთვებით…
– არა მხოლოდ უახლოესი მატჩები, არამედ დარჩენილი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. ცხრილის ზედა ნაწილში სიმჭიდროვეა, პირველ ადგილთან მხოლოდ ერთ ქულას ვაგებთ, სამ გუნდს კი თანაბარი ქულები გვაქვს. ყველა თამაშში მობილიზება და ქულების მაქსიმალური დაგროვება გვმართებს.
– წლეულს, რისი მიღწევა შეუძლია “საბურთალოს”?
– ჩემპიონობა შეგვიძლია, ისევე, როგორც ცხრილის ზედა პოზიციებზე მყოფ რამდენიმე კლუბს. ძალიან დაძაბული და საინტერესო მატჩები გველის.
Fcsaburtalo.ge
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია – GFF.GE