“ყიფო, არ მაქვს კარგი ამბავი, გავაშას…” – გამარჯვების და სიცოცხლის სიმბოლო
თბილისის “ლოკომოტივის” ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, თუ როგორ გაიგო მამია გავაშელიშვილის ავადმყოფობის შესახებ და როგორ იქცა მამია გამარჯვებისა და სიცოცხლის სიმბოლოდ.
“2019 წლის იანვარი , საგურამოს ბაზა
ოფისში მივედი. ვიცი რომ გავაშას რაღაც პრობლემა აქვს, მაგრამ აქამდეც ქონია რაღაც მიკრო ტრავმები და ვფიქრობ რომ ისეთი არაფერია…
ველოდები გიორგი ჩანგელიას (ჩვენი გუნდის მთავარ ექიმს) რომ მოვიდეს და გვითხრას რა ხდება.
კარი იღება, შემოდის ჩანგელა :
– ყიფო, არ მაქვს კარგი ამბავი… გავაშას ძალიან ცუდი ანალიზი აქვს. სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ.
– რა ჭირს ჩანგელ? (ვეკითხებით გაფითრებული…)
– ავთვისებიანი სიმსივნე. – ეხლა მივიღეთ პასუხი კლინიკიდან…
ყურებში რაღაც წუილი ჩამერთო და კაი ხანი არ გავიდა. მეც და მთელი სტაფი ჩუმად ვიდექით.
დაინიშნა უმძიმესი და გრძელვადიანი მკურნალობა. – ერთი ქვეყნიდან მეორეში სიარული და მოკლედ ათასი წვალება… აი ისეთი რა, რო ვერ უძლებენ!
აი ამ ფოტოზე, 2020 წლის 17 სექტემბერია. – გავაშა მოსკოვის დინამოს კარში, თავის მეორე გატანილ გოლს ზეიმობს და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეაქვს.
მარტივად და მოკლედ რომ ვთქვა, ეს შემთხვევა ჩემთვის არის სიმბოლო თუ როგორ უნდა იბრძოლოს ადამიანმა სიცოცხლითვის და გამარჯვებისთვის…
დიდი მადლობა პირველ რიგში ჩემს გუნდს და ყველა იმ ადამიანს ვისაც ჩვენთან ერთად გაეხარდა ეს ყველაფერი”, – წერს ყიფიანი.
მამია გავაშელიშვილმა ავთვისებიანი სიმსივნე 1 წელიწადში დაამარცხა და ფეხბურთს გამარჯვებით დაუბრუნდა.