“ეს იყო სამარცხვინო, ან ისტორიას გადახედონ…” – კახა კალაძე თბილისის “დინამოს” ფეხბურთელებზე
თბილისის მერმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, კახა კალაძემ თბილისის “დინამოს” შესახებ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, თბილისური გუნდი ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერების “კლაკსვიკთან” 1:6 დამარცხდა და ევროტურნირებს გამოეთიშა.
“ეს იყო სამარცხვინო, როცა ამხელა ისტორიის გუნდი, თბილისის “დინამო” ასეთი ანგარიშით დამარცხდა ფარერებში. არ ვიცი, ფეხბურთელებს რა დამოკიდებულება აქვთ. ან ისტორიას გადახედონ, ან ის ნახონ, ვინ თამაშობდა ამ კლუბში. ცოტა სხვა მიდგომებია საჭირო, სხვა დამოკიდებულებაა საჭირო. მარტო თბილისის “დინამო” ხომ არ არის, ქვეყანას წარმოადგენ, პირველი გუნდი ხარ საქართველოში”, – განაცხადა კალაძემ პალიტრანიუსის ეთერში.
კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა “დინამოს” პრეზიდენტის, რომან ფიფიას მუშაობას, კალაძის პასუხი ასეთია:
“ძალიან ცუდად. პიროვნულად არანაირი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ფეხბურთიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ ძალიან სუსტი მენეჯერია.”