რონალდ კუმანმა ანსუ ფატის სუსტი წერტილი დაასახელა
ესპანური ლა ლიგის 2020/21 წლების გათამაშებაში “ბარსელონა” წარმატებულად ჩაერთო. “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” საშინაო შეხვედრაში “ვილიარეალი” გაანადგურეს ანგარიშით 4:0.
აღნიშნულ მატჩში გამორჩეულად ბრწყინავდა “ბარსელონელთა” 17 წლის ტალანტი ანსუ ფატი, რომელმაც ხუთწუთიან ინტერვალში დუბლის გაფორმების შემდეგ პენალტიც მოიპოვა (მესიმ შეასრულა).
“აუცილებლად უნდა აღინიშნოს ანსუ ფატის დიდებული პერფორმანსი. წინასასეზონო მომზადების პერიოდში ცოტას ვწუწუნებდი მასზე, რადგანაც ვთვლიდი, რომ გაცილებით მეტი შეეძლო.
ფატი სულ რაღაც 17 წლის არის და წინ დიდი მომავალი ელის. თუმცა, წარმატების მისაღწევად კონკრეტული კომპონენტები უნდა გააუმჯობესოს. ზოგჯერ მას კონცენტრირება ძალიან უჭირს.
“ელჩესთან” ამხანაგურ მატჩში ფატიმ ჩემი კრიტიკა დაიმსახურა, რადგანაც კარგად ვერ ითამაშა. დღეს ბრწყინვალე იყო,” – აცხადებს კატალონიელთა ახალი თავკაცი რონალდ კუმანი.