რას წარმოადგენს ნორვეგიელი ჰაუგე, რომლის ტრანსფერშიც 5 მილიონს იხდიან?
გავლენიანი იტალიური გამოცემები, როგორებიც არიან Tuttomercato და Radio Rossonera, ადასტურებენ ინფორმაციას “მილანსა” და “ბოდო გლიმტს” შორის ჰაუგეს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმების არსებობის შესახებ. ტრანსფერი იტალიურ გრანდს 5 მილიონი ევრო დაუჯდება.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ახალგაზრდა ნორვეგიელი ფეხბურთელის აგენტი დღეს დილით მილანში იმყოფებოდა, სადაც კლუბის დირექტორებს პაოლო მალდინისა და რიკი მასარას შეხვდა.
ჰაუგე 20 წლის ნორვეგიელი ფეხბურთელი გახლავთ, რომელიც ნორვეგიის ჩემპიონატის საუკეთესო კლუბის ღირსებას იცავს. “ბოდომ” ელიტსერიენის 19 მატჩში 67 გოლი გაიტანა, რომელთაგან 14 სწორედ ჰაუგეს ანგარიშზე გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ “მილანი” ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში სწორედ ნორვეგიულ “ბოდოს” შეხვდა და 3:2 მოუგო. აღნიშნულ შეხვედრაში ერთი გოლი ჰაუგემ გაიტანა.
ნორვეგიელმა ტალანტმა “მილანის” გარდა “მანჩესტერ იუნაიტედის”, “მანჩესტერ სიტისა” და “ბრაიტონის” ყურადღებაც მიიპყრო. თუმცა, როგორც ჩანს, საუკეთესო პირობები “როსონერიმ” შესთავაზა.