ამირან გამყრელიძე: “მატჩი მაყურებლების გარეშე უნდა ჩატარდეს”
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის ჩასატარებელ ისტორიულ მატჩზე კომენტარს აკეთებს.
როგორც იცით, უეფამ ერთა ლიგის მატჩებზე სტადიონზე გულშემატკივრების 30 პროცენტის დაშვების უფლება მოგვცა, თუმცა მთავარი სიტყვა ჩვენ მთავრობას დაუტოვა.
“ჩემი რეკომენდაცია დღევანდელ სხდომაზეც ვთქვი. ჩემი პირადი რეკომენდაცია არის, რომ თამაში უნდა ჩატარდეს მაყურებლის გარეშე.
უეფამ სტადიონის საერთო მაყურებლის 30 პროცენტის დასწრების ნება დაგვრთო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ქვეყნებს დაუტოვა. საქართველოში ეპიდემიის გავრცელების ეტაპზე ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციას ვერ მივცემთ იმის შესახებ, რომ მატჩი მაყურებლის დასწრებით ჩატარდეს,” – ციტირებს ამირან გამყრელიძეს სიტყვებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.
შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული მატჩი “დინამო არენაზე” 8 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. მატჩზე ფანების დაშვების წინააღმდეგია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 574 შემთხვევაა დაფიქსირებული.