უოლკოტი თავის ყოფილ გუნდს დაუბრუნდა
ლივერპულის “ევერტონის” გარემარბი თეო უოლკოტი განათხოვრების წესით სეზონის ბოლომდე “საუთჰემპტონში” ითამაშებს.
31 წლის ფეხბურთელი სწორედ “წმინდანების” აღზრდილია. მან “საუთჰემპტონი” 2006 წელს, 15 წლის ასაკში დატოვა და ლონდონის “არსენალში” გადაბარგდა, რომლის ღირსებასაც 12 წლის განმავლობაში იცავდა. 2018 წლის იანვარში ინლისელი ფეხბურთელი “ევერტონში” გადავიდა, თუმცა გუნდის მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტისთან საერთო ენის გამონახვა გაუჭირდა. სათამაშო დროის ნაკლებობამ უოლკოტს მშობლიურ კლუბში დაბრუნება გადააწყვეტინა.
“შემოთავაზებები სხვა კლუბებისგანაც მქონდა, მაგრამ როდესაც “საუთჰემპტონის” ინტერესის შესახებ გავიგე, ყველაფერი მაშინვე გადაწყდა. “საუთჰემპტონი” ჩემი ნაწილია, რომელმაც გამზარდა, ის მუდამ ჩემს გულშია. ალბათ, ცრემლებს ვერ შევიკავებ, როდესაც პირველ მატჩს ჩავატარებ. მართლა ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ადგილი ჩემთვის”, – ციტირებს უოლკოტის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.