ვლადიმირ ვაისი: “ამ თამაშის შემდეგ ერთი გუნდი გაიხარებს და მჯერა, ეს საქართველო იქნება!”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა.
გურამ კაშიას შესახებ: “კაშია სათამაშოდ მზადაა, მას პრობლემები არ აქვს. ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და ამ მატჩისათვის კარგად მოემზადა. ხვალინდელ შეხვედრაში ითამაშებს.”
გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ: “სამწუხაროდ, ხვალ ჩაკვეტაძის გარეშე ვითამაშებთ, რადგან საქართველოში ტრავმირებული დაბრუნდა. ის სათამაშოდ მზად არ არის, ამიტომ დასასვენებლად ოთხი დღე მივეცი. შესაძლოა, ნაკრებს მომდევნო მატჩებში დაუბრუნდეს.”
გიორგი ლორიას შესახებ: “გიორგი ლორია კარგი ადამიანი და მეკარეა. კომენტარს ვერ გავაკეთებ იმაზე, რასაც მას კვიპროსში აბრალებენ. ეს დაუჯერებელია. ამ თემაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი.”
ხვალინდელ მატჩზე: “ხვალ მოედანი იდეალურ მდგომარეობაში იქნება. მაყურებლების გარეშე გვიწევს თამაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მილიონობით ქართველი გვგულშემატკივრობს სახლებიდან. უნდა ვაჩვენოთ მაღალი დონის თამაში. ამ თამაშის შემდეგ ერთი გუნდი გაიხარებს და მჯერა, რომ ეს გუნდი საქართველო იქნება. შემადგენლობის შესახებ ყველაფერს ვერ ვიტყვი. შევეცდებით, მოწინააღმდეგეს კარგი ტაქტიკა დავუპირისპიროთ. საქართველოს ჰყავდა ლეგენდები – ყიფიანი, ჩივაძე, დარასელია, კალაძე, არველაძე. ახლა ამ თაობას შეუძლია ისტორია დაწეროს. მათ იციან თამაში. კარგი დისციპლინაა საჭირო. ეს სხვა პასუხისმგებლობის თამაშია.”
მარცხენა მცველის პოზიციაზე: “ნავალოვსკი 34 წლისაა, მან წინა თვეში ტრავმა მიიღო. ისიც ემზადება. მარცხენა მცველის პოზიციაზე ერთა ლიგის მატჩებში ჯიმი ტაბიძეც ვათამაშეთ. გამოვცადეთ ჯიღაურიც. წინა მატჩებისაგან განსხვავებით, უფრო ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებით, ამიტომ საჭიროა, დაცვასა და შეტევას შორის კარგი ბალანსი დავიჭიროთ.”
ბელარუსის ნაკრების შესახებ: “ბელარუსის ნაკრებმა ერთა ლიგაზე თავისი ჯგუფი მოიგო. ამ გუნდში ბევრი გამოცდილი ფეხბურთელია. კარგი, ორგანიზებული გუნდია, რომელსაც ძლიერი დაცვის ხაზი ჰყავს. მეტოქე სტანდარტულებს კარგად იყენებს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენ უკეთესი ფეხბურთელები გვყავს. გვინდა, რომ მოვიგოთ, მაგრამ გამარჯვება ბელარუსსაც სურთ. ადვილი არ იქნება.”
ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ: “მარცხენა ფლანგზე თამაში შეუძლიათ ვაკოს, ოქრის, ჩაკვეს, კვარაცხელიას. ხვიჩამ ესტონეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ მარჯვენა ფლანგიდან კარგად ითამაშა. მას ორივე ფლანგზე კარგად თამაში შეუძლია. ის დიდი ტალანტია. მას მომავალში წარმატებებს ვუსურვებ. ხვიჩა კარგად აზროვნებს. მისთვის სლუცკისთან მუშაობა კარგი გამოცდილებაა.”
ფოტო: GFF.GE