ვლადიმირ ვაისი: “გვინდოდა, ლამაზი ფეხბურთი გვეთამაშა, მაგრამ გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ბელარუსთან გამართული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
ბელარუსთან მოგებულ მატჩზე: “ეს მატჩი მნიშვნელოვანი იყო. გვინდოდა, გვეჩვენებინა ლამაზი ფეხბურთი, მაგრამ ყველაზე მნიშნელოვანი გამარჯვება იყო. ვულოცავ ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, ქართველ ხალხს, ყველას. ახლა ჩრდილოეთ მაკედონია – კოსოვოს მატჩი გაიმართება და ვნახოთ, ვინ შეგხვდება ფინალში. გვქონდა ხუთი კარგი საგოლე მომენტი. საჭირო იყო მეორე გოლი გაგვეტანა, რითაც თამაშს მთლიანად გავაკონტროლებდით. პირველ ნახევარში ხვიჩასა და ვაკოს კარგი შანსები ჰქონდათ. კვეკვესკირსა და კანკავას ყვითელი ბარათები ჰქონდათ, მაგრამ მათ ვერ შევცვლიდი, ისინი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები არიან. გამარჯვება მთელი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია. ბელარუსი მეორე სართულზე კარგად თამაშობს, ეს ვიცოდით. კვერკველია, კაშია, დვალი, კაკაბაძე ძალიან კარგები იყვნენ. ლორიას, პრაქტიკულად, საქმე არ ჰქონია. კიტეიშვილს უკეთესად თამაში შეეძლო. გახარებული ვარ. ორი დღე დავისვენებთ, შემდეგ კი პოლონეთში გავემგზავრებით, სადაც სომხეთის წინააღმდეგ ვითამაშებთ. სომხეთი საკმაოდ საშიში გუნდია.”
ლაშა დვალის შესახებ: “ლაშამ ძალიან კარგად ითამაშა. ამ პოზიციაზე წლების განმავლობაში ნავალოვსკი თამაშობდა. ვერ ვიტყვი, რომ ნავალას კარი დავუხურეთ. ის კარგი ფეხბურთელია და ერთ-ერთი ჩვენგანია.
სომხეთთან გასამართ მატჩზე: “სომხეთის წინააღმდეგ, როგორც მწვრთნელს, არასოდეს მომიგია. როცა სლოვაკეთს ვწვთნიდი, სომხეთთან ორჯერ დავმარცხდი, რის შემდეგაც პოსტიდან გამათავისუფლეს. რა თქმა უნდა, შემადგენლობაში ცვლილებები გვექნება, რადგან ბელარუსთან მატჩი ფიზიკურადაც და ემოციურადაც, დამღლელი იყო. სასტარტო თერთმეტეულში 4-5 ცვლილებას ვგეგმავ.”
თორნიკე ოქრიაშვილზე: “თორნიკემ გოლი გაიტანა, ბევრი იშრომა. გამორჩეული იყო. მადლობას ვუხდი ქეცბაიას, რადგან მან ქართველი ფეხბურთელები გუნდში წაიყვანა და მათ სათამაშო პრაქტიკა მისცა. თორნიკეს მონაცემების მქონე ფეხბურთელს, უფრო მაღალ დონეზე თამაში შეუძლია.”
ჯაბა კანკავაზე: “კანკავას გარეშე, ჩვენი გუნდი წარმოუდგენელია. ჯაბა ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესოა მოედანზე. ჩვენ ამ ყველაფერს კანკავასა და კაშიას გარეშე ვერ შევძლებდით.”
საკუთარ მომავალზე: “მწვრთნელი ყოველთვის შედეგზეა დამოკიდებული. ახლა ჩემი კონტრაქტი მნიშვნელოვანი არ არის, მნიშნელოვანი ფინალია. როცა აგებ, ყველაფერი მწვრთნელს ბრალდება.”
გიორგი ჩაკვეტაძეზე: “ჩაკვეტაძეს ტრავმა ჰქონდა და ვერ წარმოუდგენელია, როგორ ათამაშეს ის ბოლო მატჩში. ის დიდი ტალანტია. მას ტრავმა ჰქონდა. ვცდილობთ, გიორგის დავეხმაროთ. დაუჯერებელია, ის ბოლო შეხვედრაში ტრავიმრებული ათამაშეს. სამწუხაროდ, ის მომდევნო მატჩებში ვერ დაგვეხმარება. დღეს რომ ჩაკვეტაძე მოედანზე ყოფილიყო, შეიძლება, პირველ ტაიმშივე ორი გოლი გაეტანა.”
ფოტო: GFF.GE