საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად შინ ჩრდილოეთ მაკედონია უნდა დაამარცხოს (ვიდეო)
ქალაქ სკოპიეში დასრულდა ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს ნაკრებებს შორის ევრო 2020-ის პლეი-ოფის მეორე ნახევარფინალური მატჩი. შეხვედრა დაბალ ტემპში წარიმართა, პირველ ტაიმს ძირითადად ჩრდილომაკედონელები აკონტროლებდნენ და ანგარიშიც მათ გახსნეს. მე-16 წუთზე სტეფან რისტოვსკის დარტყმის შემდეგ კოსოვოელთა ნახევარმცველმა ბენიამინ კოლელიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ვერ ვიტყვით, რომ გაშვებული გოლის შემდეგ კოსოვოელებმა მეტოქის ნახევარზე გადაიტანეს თამაში, თუმცა 29-ე წუთზე მათი ერთ-ერთი უიშვიათესი შეტევა გოლით დასრულდა. ყველაფერი მასპინძელთა მეკარისა და მცველების შეუთანხმებელ თამაშს მოყვა. კიპერი ბურთის მოსაგერიებლად კარიდან წინ იყო გამოსული, თუმცა ჩრდილომაკედონელები ვერ შეთანხმდნენ, კიპერს უნდა ეთამაშა თუ მცველს. საბოლოოდ, მცველმა ბურთი უხეიროდ მოიგერია და პირდაპირ მეტოქეს ჩააბარა, ფლორან ჰადერგენაიმაც არ დაახანა და დაუცველ კარში დაარტყა – 1:1. ტაბლოზე საყაიმო ანგარიში დიდხანს არ შენარჩუნებულა. 33-ე წუთზე სტანდარტულის შესრულების შემდეგ კოსოვოელთა საჯარიმოში ჩასულმა დარკო ველკოსკიმ თავური დარტყმით ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა – 2:1.
შეხვედრის მეორე ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, კოსოვოელებს წონასწორობის აღდგენის ყველაზე რეალური შანსი დამატებითი დროის ბოლო წუთზე ჰქონდათ, თუმცა ჩრდილომაკედონელთა მეკარე სტოპე დიმიტრიევსკიმ გუნდი გადაარჩინა და საბოლოო ანგარიში მათ სასარგებლოდ, 2:1 დაფიქსირდა.
ამრიგად, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიის ბარიერის დაძლევა მართებს. ეს გადამწყვეტი შეხვედრა 12 ნომებერს, “დინამო” არენაზე” ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩრდილოეთ მაკედონია და საქართველო ერთ ჯგუფში თამაშობენ. როგორც მოგეხსენებათ, პირველი შეხვედრა თბილისში, 8 სექტემბერს ჩატარდა და ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
ევრო-2020. პლეი-ოფი (D)
ნახევარფინალი
ჩრდილოეთ მაკედონია — კოსოვო 2:1 (2:1)
გოლები: კოლელი 16′ (ა.გ.), ველკოსკი 33′ — ჰადერგენაი 29′.