ტრაორეს საიდუმლო – რას აკეთებს იმისათვის, რომ ფიზიკურად ძლიერი იყოს
“ვულვზის” გარემარბმა, ადამა ტრაორემ ბოლო წლებში საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა. მოქმედი ფეხბურთელისათვის მისი მსგავსი ფიზიკური მონაცემები ნამდვილად უჩვეულოა.
24 წლის ფეხბურთელმა 7 ოქტომბერს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. ამ შეხვედრის შემდეგ, ტრაორემ ისაუბრა იმ ვარჯიშებსა და დიეტაზე, რისი საშუალებითაც მისი კუნთის მასა საგრძნობლად გაიზარდა.
ვარჯიშის შესახებ:
“დარბაზში ჩემ ვარჯიშს პირადი მწვრთნელი ხელმძღვანელობს. წონებით არ ვვარჯიშობ. ასეთი გენეტიკა მაქვს – კუნთები ძალინ სწრაფად მეზრდება. სხვა სახის ვარჯიშებს ვაკეთებ. პრესის ვარჯიშებს ხშირად ვაკეთებ. მთავარია, იცნობდე შენ სხეულს და კონკრეტული ვარჯიში შენ ფიზიკურ მდგომარეობას სწორად მოარგო.
მთავარია, ბალანსის პოვნა. როცა 15 წლის ვიყავი, მუხლზე პრობლემები მქონდა, რაც არ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ ჩემი სისწრაფე სრულად გამომეყენებინა. ამის შემდეგ დარბაზში ვარჯიში დავიწყე. ძალიან სწრაფი ვიყავი და მჭირდებოდა ისეთი ვარჯიშები, რომლებიც ტრავმებისაგან თავის არიდებაში დამეხმარებოდა. მე მხოლოდ იმიტომ არ ვვარჯიშობ, რომ უფრო ძლიერი ვიყო. ჩემი ვარჯიშის ერთ-ერთი მიზანი ისაა, რომ ტრავმებს თავი ავარიდო, რაც სპორტსმენებისათვის უმნიშვნელოვანესია”, – თქვა ტრაორემ.
კვება:
“ჩემი კუნთები ვარჯიშით, დასვენებითა და საკვებით იზრდება. საკვების მიღება აუცილებელია და ეს ვარჯიშის განუყოფელ ნაწილად მიმაჩნია. წყალი – მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მიმდინარეობისას ბევრ წყალს არ ვიღებ, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წყალი სპორტსმენისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ვცდილობ, სხვადასხვა სახის ჯანმრთელი პროდუქტები მივირთვა ხოლმე. შეიძლება, ცოტა პაელა (ესპანური კერძი) და ტრადიციული მალური კერძიც მივირთვა. მიწის თხილსა და ბრინჯს ხშირად ვიღებ. ყველაფერს დედაჩემი მიმზადებს, ის მსოფლიოში საუკეთესო მზარეულია. ყველა სპორტსმენის მსგავსად, იტალიურ პასტასაც მივირთმევ”, – განაცხადა ტრაორემ.