“ნეიმარი ნამდვილი კლოუნია” – პერუს ნაკრების მცველი
პერუს ნაკრების მცველი, კარლოს სამბრანო ნეიმარს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის ნამდვილი კლოუნია.
14 ოქტომბერს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პერუ საკუთარ მოედანზე ბრაზილიას დაუპირისპირდა და 2:4 დამარცხდა. ნეიმარმა ამ მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა, აქედან ორი გოლი კი თერთმეტმეტრიანი დარტყმებით გაიტანა.
“ნეიმარი დიდებული ფეხბურთელია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, მაგრამ ჩემთვის ის ნამდვილი კლოუნია. მას გააზრებული აქვს, რას აკეთებს მოედანზე, ყოველთვის ეძებს მინიმალურ კონტაქტს, რათა მეტოქე დააჯარიმოს. საჯარიმოში ოთხჯერ ან ხუთჯერ თავისით წაიქცა და ელოდებოდა, დანიშნავდნენ თუ არა პენალტს. საბოლოოდ, მიზანს მიაღწია, არბიტრმა ორი თერთმეტმეტრიანი დანიშნა, თუმცა სინამდვილეში, არასწორი გადაწყვეტილებები მიიღეს. ეს ბრაზილიის ნაკრებია და ყველა შეხებაზე ვიდეორეფერის იყენებენ”, – ციტირებს სამბრანოს სიტყვებს Goal.Com.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრების რიგებში 64-ე გოლი გაიტანა და “სელესაოს” ყველა დროის ბომბარდირთა დავაში ლეგენდარულ რონალდოს (62) გადაასწრო. ბრაზილიელთა საუკეთესო მეგოლე პელეა, რომლის ანგარიშზეც 77 გოლია.