“ჯაბას ფეხბურთშიც ეტყობა, რომ კაცია. ღამით, ბაზაზე მოდიოდა და მეუბნებოდა…”
თბილისის “დინამოსა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ვიტალი დარასელია უმცროსმა სილქ უნივერსალის ეთერში, გადაცემაში “ბურთი და მოედანი” ჯაბა კანკავას შესახებ ისაუბრა.
“ჯაბა არის ამ გუნდის [საქართველოს ნაკრების] სული და გული. როცა ვლადიკავკაზის “ალანიაში” ერთად ვიყავით, ღამით მოდიოდა ბაზაზე და მეუბნებოდა: “წამო, მე და შენ კარიდან კარში ვითამაშოთ”. ძალით მათამაშებდა ღამის 12-ის ნახევარზე. ფეხბურთის გიჟია. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჯაბას, ასეთი ბიჭი რომ არის. ძალიან მაგარი ბიჭია, ძალიან თავდადებული. დამერწმუნეთ, კაცია. ფეხბურთშიც ეტყობა ამ ადამიანს, რომ კაცია. მან ყველაფერს შრომით მიაღწია, ამიტომ დიდ პატივს ვცემ”, – განაცხადა დარასელიამ.
კანკავა და დარასელია 2003-2004 წლებში ერთად თბილისის “დინამოში”, ხოლო 2005 წელს ვლადიკავკაზის “ალანიაში” თამაშობდნენ.
ფოტო: gff.ge